„საქართველოს ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის როლი. საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა, კონფერენცია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის და USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელი გამოსვლებით გაიხსნა. ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციები მიმოიხილა და მათი გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მხარდამჭერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, რომლებიც საქართველოს ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, სახელმწიფო მზად არის, იყოს ინვესტორი, პარტნიორი საერთაშორისო, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად, რათა ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ენერგო პროექტები განვითარდეს და გამოჩნდეს სახელმწიფოს მკაფიო მხარდაჭერა ამ სექტორის მიმართ.
„USAID ბოლო 30 წელია მუშაობს ენერგეტიკის სექტორში, რათა საქართველოს დაეხმაროს. განახლებადი ენერგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, კერძოდ ისეთი განახლებადი წყაროების კუთხით, როგორებიცაა ქარის, მზის და ჰიდრო რესურსები. განახლებადი ენერგია ასევე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების გამოწვევების, იმპორტის დივერსიფიკაციის, ეკონომიკის გაძლიერების, სამუშაო ადგილების და შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. USAID-ი დაეხმარა საქართველოს, შექმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი, კანონები და რეგულაციები, რომლებიც ხელს უწყობენ განახლებადი ენერგიის განვითარებას.
დღევანდელი ღონისძიებამ თავი მოუყარა მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განვიხილოთ გამოწვევები და შესაძლებლობები განახლებად ენერგიაში შემდგომი ინვესტიციებისთვის, რაც ავტომატურად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და, ასევე, გააძლიერებს მის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა USAID / საქართველოს მისიის დირექტორმა ჯონ პენელიმ.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა