მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკება ავიაკომპანიებთან, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანიიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი ჩარტერული რეისები განხორციელდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვლმა განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დღეს ოთხი ჩარტერული რეისი დაინიშნა, რომლის ბილეთები 15 წუთში გაიყიდა.
„ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, შესაბამისად, ოპერატიულად დავიწყეთ ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქომაგებს, ჰქონოდათ შესაძლებლობა, პირდაპირი ფრენებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი ფასებით, კვლავ უგულშემატკივრონ ჩვენს ბიჭებს ესპანეთთან თამაშის დროს. დღეს გასაყიდად გამოვიტანეთ ოთხი ჩარტერული რეისი. აბსოლუტურად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და15 წუთში ყველა რეისი სრულად არის გაყიდული. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით სამი ჩარტერული რეისი დაემატება არსებულ ოთხ ჩარტერულ რეისს. ვაწარმოებთ, ასევე მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რომ მოთხოვნის შესაბამისად, გვქონდეს რესურსი, კიდევ დავამატოთ ჩარტერები, რადგან ვხედავთ, რამხელა მობილიზება იყო გასული სამი თამაშის განმავლობაში.
საქართველოს რამდენი მოქალაქე, რამდენი ქომაგი ესწრებოდა თითოეულ მატჩს და, რა თქმა უნდა, ასეთ დეტალებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ იგრძნონ ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს და ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩარტერების დამატება იგულისხმება გამოფრენაზე. 29 ივნისს არის ორი გამფრენი ჩარტერული რეისი, პირდაპირი ფრენა თბილისი-კიოლნის მიმართულებით. გამოფრენა ამ ეტაპზე 2 ივლისის კიოლნი-თბილისის მიმართულებაზე მოხდება. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში იხილავთ ახალ ჩარტერულ რეისებს უშუალოდ გამოფრენის კუთხით, რომ წასული მგზავრებიც, ასევე პირდაპირი ჩარტერული რეისებით და ხელმისაწვდომი ფასებით დაბრუნდნენ სამშობლოში. პირველ ივლისს ორი დამატებითი ჩარტერული რეისი გახორციელდება, ორ ივლისს კი ერთი პირდაპირი ჩარტერული რეისი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ავიაბილეთების ტარიფები სუბსიდირებულია, ერთი გზის ღირებულება 195 ევროა.
„შესაბამისად, მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა, როგორც წინა პერიოდებში, თავად აარჩიონ რომელი რეისით სურთ გაფრენა და რომელი რეისით ჩამოფრენა. უამრავი ადამიანი, უამრავი ქომაგი ამბობს ერთსა და იმავეს, ეს ჩარტერული რეისები რომ არ ყოფილიყო, ამდენი მოქალაქე ვერ შეძლებდა ადგილზე, გერმანიაში ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩარტერულ რეისებს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა, პირველ რიგში, ეს გულისხმობდა იმას, რომ ავიაბილეთები ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ფრენების არსებობა, რომ დრო ეფექტურად გამოგვეყენებინა. დავინახეთ, რომ ჩარტერულმა რეისებმა მოგვცა ზუსტად ის ეფექტი, რომელიც ჩანაფიქრშივე იყო. ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა აღნიშნული სუბსიდირებული ჩარტერული რეისებით და ვნახეთ, რამდენი ქომაგი ესწრებოდა სამივე მატჩს. ვფიქრობთ, რაღაც მხრივ ძალიან პატარა წვლილი, ალბათ, ჩვენც შევიტანეთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი