ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე თიბისი ინტენსიურად მუშაობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსმა გვანცა მურღვლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბანკმა სულ ახლახან თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ხელსაწყო გაუშვა.
„ამ ეტაპზე არ ვიცით, რა დოზით იქნება წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესში, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ ინოვაციების ლაბორატორიაში აუცილებლად იქნება ადგილი ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად და გამოსაყენებლად,“, - ამბობს თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს თიბისის ახალი სათავო ოფისი ექნება, რომელიც მაღალხარისხიანი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
„ჩვენი შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ ისეთი ტექნიკა მოიზიდონ, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - ამბობს გვანცა მურღვლიანი.
ცნობილია, რომ შენობის არქიტექტურაზე მსოფლიო დონის არქიტექტურულმა კომპანია UN Studio-იმუშავა.
თანამედროვე დიზაინისა და გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა 8.7 ჰექტარზეა განლაგებული, რომელიც ჯამში 2000-მდე თანამშრომელზეა გათვლილი.
„თიბისის ახალი სათავო ოფისი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, რომელიც ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. ეს არის შუშის ძალიან ლამაზი შენობა და შედგება ორი კოშკის ტიპის ნაგებობისგან. პროექტის ავტორია მსოფლიო დონის ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია UN Studio. გეტყვით, რომ UN Studio-ს მიერაა დაპროექტებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. პროექტზე ქართველ არქიტექტორებს არ უმუშავიათ და მართლაც, რომ განსხვავებული ტიპის პროექტი გამოვიდა და ჩვენ პრეტენზია გაქვს, რომ ასეთი ტიპის პროექტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც კი არ არის“, - განმარტავს გვანცა მურღვლიანი.
თიბისის თანამშრომლები ახალ სათავო ოფისში მომავალი წლის ზაფხულიდან შეუდგებიან მუშაობას.
„ახალ სათავო ოფისში გადასვლა იგეგმება 2025 წლის ზაფხულში. ეს ოფისი აღჭურვილი იქნება ყველანაირი თანამედროვე აღჭურვილობით. სამუშაო გარემოს დაგეგმვაში ასევე ნიდერლანდური კომპანია YNNO დაგვეხმარა. აღნიშნული კომპანია რეალურად დაგვეხმარა იმაში, თუ როგორ უნდა დაგვეგეგმარებინა შიდა სივრცეები ისე, რომ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლის ინტერესს ყოფილიყო მორგებული. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულნი; თანამშრომელთა ნაწილის მუშაობის სპეციფიკა უფრო ანალიტიკურია და მეტ ფიქრი სჭირდება. გუნდის ნაწილს უფრო აქტიური სამუშაო დღე აქვს და მუდმივად გუნდთან ერთად ყოფნა და ბრეინსტორმინგი ესაჭიროება. ამიტომ YNNO-თან ერთად გავაკეთეთ თანამშრომლების საქმიანობის ანალიზი და გამოვყავით ზონები, თუ როგორ უნდა იყოს დაპროექტებული სამუშაო სივრცეები. ასევე, ამ შენობაში ჩვენს თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისარგებლონ სპორტული დარბაზით. გვექნება საკვები პუნქტი, პარკინგი და ასევე გვექნება ძალიან საინტერესო კონცეფცია, ე.წ. ინოვაციების ლაბი, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს და ასევე გარედან შემოსულ სტუმრებსაც საშუალებას მისცემს, კრეატიულ და ინოვაციურ გარემოში იმუშაონ და შექმნან თავიანთი პროდუქტის პროტოტიპი, გატესტონ ეს პროდუქტი, ჩაატარონ ვორქშოპები, ჰაკათონები და ა.შ.. აქ ასევე ხელმისაწვდომი იქნება ტაბლოები, სადაც ლაივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი, ბანკის მნიშვნელოვანი და საჯარო პარამეტრების, რეპორტების გაცნობა. ნაგებობას საკმაოდ შთამბეჭდავი ლობის დიზაინი აქვს, რომელიც ევროპულ კომპანია „ტელარტს“ ეკუთვნის. ეს დიზაინი მთელი თავისი შინაარსით ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანების ინტერაქციის წახალისების საუკეთესო მაგალითია. აღნიშნულ კომპანიას საკმაოდ გამორჩეულ პროექტებზე აქვს ნამუშევარი, მაგალითად როგორიც იყო Expo 2020 Dubai, ძალიან ცნობილი ინტერაქციული მუზეუმები მათი გაკეთებულია და ასე შემდეგ. სადაც ტექნოლოგია, ადამიანი და ინოვაცია ერთმანეთს უნდა შეხვდეს, სწორედ ამას უზრუნველყოფს ეს კომპანია“, - აცხადებს თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
უახლესი
39 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს58 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”