უამინდობის გამო წელს ხურმის ჩირის წარმოება შედარებით ნაკლებია. პროდუქცია მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთაც.
კომპანია ,,ჩიკორი", რომელიც ჩირის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში, პროდუქციის წარმოება უკვე დაიწყო.
როგორც ,,ჩიკორის" დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი Business Insider Georgia - თან აღნიშნავს, ხარისხობრივი მაჩვენებლით კახური ხურმა ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა უამინდობამ წლევანდელი მოსავალი საგრძნობლად დააზიანა.
„ხურმის ჩირი არ არის ისეთი მოთხოვნადი, როგორც ქლიავი, თუმცა ასორტიმენტში ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზეა, რომლის მიმართ ინტერესი მზარდია. ჩვენ მოსავალს ძირითადად კახეთიდან ვიღებთ. უკეთესი ხარისხობრივი მაჩვენებელი აქვს, თუმცა უამინდობის გამო დაზიანდა. მოსავალი დასეტყვილია და შესაბამისად მაღალი ხარისხის ჩირის მიღება პრობლემაა.
რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობთ ხარისხიანი ნედლეული შევიძინოთ, რაც ჩირის ხარისხზეც აისახება, მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ხარისხს, რაც ჩვენი წარმოებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თუმცა უამინდობის გამო გაგვიჭირდა, დაგეგმილზე ნაკლები გადავამუშავეთ და ხურმის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა", - ამბობს ანანო ბეჟანიშვილი.
რაც შეეხება ნედლეულის ფასს, ხარისხის შესაბამისად - 50 თეთრიდან იწყება და 70-90 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
ცნობისთვის, ხურმა მორფოლოგიურად კენკრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს და რკინას. მასში შემავალი A ვიტამინისა და ბეტაკაროტინის წყალობით, სასარგებლოა ფილტვებისთვის.
,,ჩიკორის" მიერ წარმოებული ხურმის ჩირი წელს ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა, მათ შორის, ლიტვაში, ლატვიაში, საფრანგეთში, ესტონეთსა და სხვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 ჰექტარ ფართობზე ხურმის გასაშენებლად დაახლოებით 7000 ლარამდე საწყისი საინვესტიციო კაპიტალია საჭირო, უკუგების პერიოდი მე–7 წელია, ხოლო მე–8 წელს მოგება 12% –ს შეადგენს.
უახლესი