დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხარისხით და რაოდენობითაც წელს მოცვის მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა - ,,აგროლეინი"

ხარისხით და რაოდენობითაც წელს მოცვის მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა - ,,აგროლეინი"

04-11-2023 12:00:36

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ კომპანიების სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს და ექსპორტზე საკუთარი ნიშა იპოვეს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 1000 ტონით არის გაზრდილი. რაც შეეხება ბაზრებს, ძირითადი ნაწილი კომპანიებმა რუსეთში გაყიდეს, თუმცა ნაწილმა ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით პირველი ნაბიჯი გადადგა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. მათ შორის, „აგროლეინმაც", ღვინიაშვილის თქმით, მოცვის მოსავალი სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და პოლონეთში გაყიდეს, მცირე ნაწილი კი სამაცივრე მეურნეობაში შეინახეს შემდგომი გადამუშავების მიზნით.

„წელს მოცვის წარმოებაში გაცილებით უკეთესი  სეზონი იყო,  შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა და ხარისხი აშკარად გაუმჯობესდა. ფერმერებს  ბაზრის დივერსიფიკაციის მეტი საშუალებაც ჰქონდათ. გაყიდვები უფრო აქტიურად დაიწყო ევროკავშირის ბაზრებზე, რის საშუალებაც წინა წელს ფაქტობრივად არ იყო. მართალია, ქართული მოცვის გარკვეული რაოდენობა რუსეთში გაიყიდა, მაგრამ ალტერნატიულ ბაზრებზეც გავიდა. ჩვენს შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავყიდეთ, მცირე ნაწილი - პოლონეთში. მთლიანობაში, ფერმერების უმეტესობა კმაყოფილია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მოცვის ექსპორტი ჰოლანდიასა და პოლონეთში წამოიწყეს. წელს საექსპორტო არეალი გაიზარდა", - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, სეზონის დასაწყისში მოცვი ქართულ ბაზარზე 40 ლარი ღირდა, ამ ფასად კი იგი მსოფლიოს არც ერთ ბაზარზე არ გაყიდულა.

,,ფასთან დაკავშირებით ცოტა სხვა დამოკიდებულება გვაქვს. სეზონის დასაწყისში მოცვი ყოველთვის ძვირია, მაგრამ ქართულ ბაზარზე ამ პროდუქტის ღირებულება 40 ლარს აღწევდა. ამ ფასად მოცვი მსოფლიოს არც ერთ ბაზარზე არ გაყიდულა.  შემდეგ გაიაფდა და 10 ლარამდე ჩამოვიდა ფასი, დაახლოებით ამდენივე ღირს მწარმოებლურ ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში  სეზონზე  დაახლოებით 3 ევროა. გლობალურ ბაზრებზე კი მოცვის ღირებულება შეფუთვასა და ხარისხზეა დამოკიდებული და 5- დან 8 ევრომდე მერყეობს", - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

მისი ინფორმაციით, წელს მოცვის ჯამური მოცულობა დაახლოებით 3000 ტონაა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აჭარბებს.

„ვისაც დიდი პლანტაცია აქვს და სამაცივრე მეურნეობების ინფრასტრუქტურაც გააჩნია, მათ შორის ჩვენც,  საშუალებას გვაქვს მოსავლის ნაწილი გადავამუშაოთ. ძირითადი ნაწილი გავყიდეთ, თუმცა მოცვის  10% შევინახეთ და ვაპირებთ გადავამუშაოთ", - დასძენს ,,ეგროლეინის" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, 2023 წელს მოცვის ექსპორტიდან შემოსავალი გაორმაგდა და 18.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა . 
საქართველოდან მოცვის ექსპორტი დაიწყო 2019 წელს და ყოველწლიურად ორმაგდებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, მოცვის ექსპორტმა 18.2 მლნ აშშ დოლარი და 3.0 მლნ კგ შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.

მოცვის ექსპორტის უმეტესი ნაწილი (ჯამური ღირებულების 91.7%) გავიდა რუსეთში 2023 წლის 7 თვეში. დანარჩენი 8.3%-დან 3.0% გავიდა სომხეთში, 2.3% ევროკავშირის ქვეყნებში (პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია), 1.9% არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და 1.1% სხვა ქვეყნებში.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები