გიზიარებთ ბლოგს: ველური ბუნება, დაუვიწყარი ლანდშაფტები თუ კულტურული მრავალფეროვნება ის მახასიათებლებია, რომლებიც აფრიკის კონტინენტს გამორჩეულ ადგილად აქცევს. ასეთ გარემოში ყოველი ნაბიჯი თავგადასავალია, მთელი მოგზაურობის პროცესი კი ახალი გამოცდილებებითა და ემოციური შთაბეჭდილებებით არის დატვირთული. SOLO-ს მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ საფარიში ტური მოეწყო, რომლის 20-მა მონაწილემ კონტინენტზე 12 დღე გაატარა და უკან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. აფრიკაში მოგზაურობა გამორჩეულ თავგადასავლად სწორედ შემდეგმა გამოცდილებებმა აქცია:
ექსპედიცია კენიის დედაქალაქ ნაირობიდან დაიწყო, საიდანაც მოგზაურები ამბოსელის ეროვნულ პარკში გაემგზავრნენ. ამბოსელის ეროვნული პარკი კენიისა და ტანზანიის საზღვარზე, კილიმანჯაროს ძირში, მდებარეობს. კილიმანჯარო აფრიკის უმაღლესი მთაა, რომლის დათოვლილი მწვერვალი და ირგვლივ გაშლილი პეიზაჟები უნიკალურ ხედებს ქმნის. ექსპედიციის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, კილიმანჯაროს სილამაზით ძალიან ახლოდან და ძალიან კარგი ხედით დამტკბარიყვნენ.
ამბოსელის ეროვნული პარკის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა გიგანტური ცხოველებია. გარდა სხვა ცხოველებისა, სწორედ ამბოსელის ეროვნულ პარკშია შესაძლებელი აფრიკის დიდი ხუთეულის ნახვა, რომელშიც შედის ლომი, ლეოპარდი, მარტორქა, სპილო და კამეჩი. ექსპედიციის მონაწილეები ცავოს ეროვნულ პარკსაც ეწვივნენ, სადაც ასევე აფრიკული ცხოველები და ველური ბუნება მოინახულეს.
“ამბოსელის ეროვნულ პარკში ვნახეთ ლომების ხროვა, დაახლოებით 15-16 ლომი ერთად, ასევე ზებრები, ჟირაფები და გიგანტური სპილოები. საღამოს კი ვიყავით კოცონთან, სადაც ვახშამს მივირთმევდით მასაის ტომის წარმომადგენლებთან ერთად, თან ვცეკვავდით და ვმღეროდით. ცაბოს ეროვნული პარკიც საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ამასთანავე, 6-საათიანი გზის დროს ეგზოტიკური სოფლები გავიარეთ, რაც გადაადგილების პროცესსაც საინტერესოს ხდიდა”, — ამბობს მოგზაური გიორგი შაკაია (შაკა).
მრავალფეროვანი ეკოსისტემიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ აფრიკა ულამაზესი ტროპიკული სანაპიროებითაც გამოირჩევა. კილიმანჯაროსა და გიგანტური ცხოველების ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ, მოგზაურობა სანაპიროებზე გაგრძელდა, სადაც ექსპედიციის მონაწილეებმა რამდენიმე დღე გაატარეს.
“ცავოს შემდეგ ჩავედით საპორტო ქალაქ მომბასაში, სადაც ლოკალური სამზარეულო დავაგემოვნეთ. მომბასაში 1 ღამე გავჩერდით, შემდეგ კი წავედით დიანის სანაპიროზე, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და ტროპიკული სანაპიროა. სწორედ აქ დავბანაკდით რამდენიმე დღით, ადგილობრივი ტომები გავიცანით და მოგზაურებმა ერთმანეთს ამ დღეების გამოცილებებიც გავუზიარეთ. მოგზაურობამ ბევრის ცხოვრება შეცვალა, ზოგმა ფობიები დაძლია, ზოგმა ოცნების ცხოველები ნახა და ა.შ. ტროპიკულ სანაპიროებზე 3 დღე გავჩერდით, ასევე მდინარე კონგოზე ადგილობრივი კაიაკებით გავისეირნეთ, დავათვალიერეთ ბუნება და მზის ჩასვლასაც ვუყურეთ”, — გვიყვება შაკა.
მასაი კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები მომთაბარე ტომია, რომელიც ხშირად ეროვნული პარკების სიახლოვეს ცხოვრობს. ტომი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამოირჩევა, ექსპედიციის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, სწორედ ამ ხალხის ცხოვრების წესით ეცხოვრათ.
“ამბოსელის ეროვნულ პარკში შესვლამდე გავიცანით მასაის ტომი, რომელმაც დახვედრის ცეკვის რიტუალი ჩაგვიტარა. ტომის წევრებმა ჯოხებით ცეკვა შეგვისრულეს, პოლიფონიური სიმღერებიც იმღერეს და სწორედ ასე დაგხვდნენ. მოგზაურებისთვის მასაის ტომთან შეხვედრა დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ეს ხალხი დღემდე ტომის ცხოვრებით ცხოვრობს, გაგვიზიარეს მათი კულტურა, გვაჩვენეს როგორ ანთებენ ცეცხლს, შემდეგ კი ცეცხლზე მომზადებული კერძებითაც გაგვიმასპინძლდნენ. მასაის ტომი ეროვნულ პარკებთან იმდენად ახლოს ცხოვრობს, რომ ღობე არ აქვთ. გაშლილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ცხოველებთან მასაის ტომს წლების განმავლობაში ღია ინტერაქცია ჰქონდა”, — აღნიშნა შაკამ.
ისეთი დილა, როცა გაღვიძებისას შენ გვერდით მორბენალ ჟირაფებსა და ზებრებს დაინახავ, თითქოს წარმოსახვის სფეროა. თუმცა სწორედ ასეთ გამოცდილებას ქმნის ცავოს ეროვნული პარკი, სადაც შეგიძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნო და თან თავისუფლად მყოფი ცხოველების გვერდით იცხოვრო. ცავოს ეროვნული პარკის ერთ-ერთი სასტუმრო, რომელშიც ექსპედიციის მონაწილეები დარჩნენ, პატარა ტყითა და ელექტრო ღობით არის გარშემორტყმული. სასტუმროში ყოფნისას მოგზაურებს შეეძლოთ ველურ ბუნებაში ეცხოვრათ, ულამაზესი ხედებით დამტკბარიყვნენ და ცხოველებსაც ძალიან ახლოდან დაჰკვირვებოდნენ. ასეთი უნიკალური გამოცდილება კი საფარიში მოგზაურობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
SOLO-ს მხარდაჭერით, ოცმა ადამიანმა ამ ზღაპრულ მოგზაურობაში 12 დღე გაატარა. SOLO შთამბეჭდავი მოგზაურობების ხელშეწყობას კვლავ განაგრძობს, მათ კი, ვისაც ამ უნიკალური გამოცდილებების გაზიარება სურს, შესაძლებლობა ექნებათ, მოგზაურობისას გადაღებულ მასალას YouTube-ზე უყურონ. აფრიკაში მოგზაურობისას გადაღებულ უნიკალურ მასალას მაყურებელი მალე ახალ YouTube ჩენელზე იხილავს, პროექტი კი კვლავ გრძელდება და ასეთი გამორჩეული ექსპედიციების მონაწილე თავადაც შეგიძლიათ გახდეთ.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება