დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ პროდუქციას უკვე ევროკავშირის ბაზარზე ყიდის და სამომავლოდ გაფართოებისთვისაც ემზადება

ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ პროდუქციას უკვე ევროკავშირის ბაზარზე ყიდის და სამომავლოდ გაფართოებისთვისაც ემზადება

19-12-2024 10:00:00

ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო Anigozi • ანიგოზი პროდუქციას უკვე ევროკავშირის ბაზარზე ყიდის და სამომავლოდ გაფართოებისთვისაც ემზადება.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა განაცხადა,  გაყიდვების ზრდის პარალელურად საწარმო კაკლის გადამუშავების მაჩვენებლებსაც ზრდის და პროდუქციას რამდენიმე საექსპორტო ბაზარზეც ყიდის. 

„ანიგოზი“ 2020 წლიდან ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე ზრდა გვაქვს. კომერციული მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად გადამამუშავებლების წარმოებაც ამას მიჰყვება. რაც შეეხება რეალიზაციას, 2024 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა ჩვენი კაკალი, რაც მართლა მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყო იმან, რომ კლიმატური პირობები იყო ხელშემწყობი, ფერმერები მაქსიმალურ ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ეწარმოებინათ ხარისხიანი კაკალი, გადამამუშავებლებს უკვე საკმარისი გამოცდილება გვქონდა, რომ სწორი გადამუშავების პროცესით წარმართულიყო პროცესები. ასევე ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმანაც, რომ მსოფლიოში კაკლის მოსავალი შემცირდა და დეფიციტური მდგომარეობა შეიქმნა, რამაც ევროკავშირის ბაზარზე ახალი წარმოშობის კაკლის შეტანა წაახალისა.

შესაბამისად, ევროკავშირში დაიწყო არა მცირე მოცულობებით პროდუქციის გატანა, არამედ სერიოზული მოცულობის კაკლის ექსპორტი.

„ანიგოზმა“ პროდუქციის ექსპორტი განახორციელა იტალიაში და ვაპირებთ, რომ ამ ბაზარზე აქტიური მუშაობა გავაგრძელოთ. სხვა ბაზრები ყოველთვის იყო, ჩვენი მეზობელი ქვეყნები: სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი კვლავ გრძელდება. გალფის ქვეყნები ისევ რჩება ჩვენს სამიზნე საექსპორტო ბაზრებად და გვაქვს ამ მიმართულებით აქტიური ექსპორტი. 
კაკლისათვის ადგილობრივი ბაზარიც ძალიან საინტერესოა და მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე მთელი წლის განმავლობაში არის, არამხოლოდ საახალწლო პერიოდში. თუმცა ახალი წლის პერიოდში პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე და ჩვენი სამზარეულოს სპეციფიკიდან გამომდინარე მოთხოვნა გაცილებით უფრო იზრდება“, - განმარტავს „ანიგოზის“ დამფუძნებელი

 ანა ქევხიშვილის განმარტებით, ზოგადად დეკემბერში გაყიდვებში 400%-იანი ზრდა ფიქსირდება.

„გაყიდვების ზრდა იწყება ოქტომბრიდან, როდესაც ახალ მოსავალს ვიღებთ და გადავამუშავებთ და პიკში უკვე დეკემბერში შედის. შემდეგ უკვე სტაბილურ დონეს ინარჩუნებს მომავალ ოქტომბრამდე“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

„ანიგოზს“ გააჩნია საკუთარი მცირე ბაღებიც და ამიტომ ნედლეულის დიდი ნაწილს ფერმერებისგან იბარებს. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კაკალზე მოთხოვნა მზარდია და ამ ფონზე ადგილობრივ კაკალს იმპორტირებულ კაკალთან უწევს კონკურენცია. 

„ჩვენ პროექტზე მუშაობა 2020 წელს დავიწყეთ და 2021 წელს მივიღეთ პირველი მოსავალი. 2021 წელი იყო პოსტ პანდემიური წელი და ადგილობრივ ბაზარი იყო ძალიან დასუსტებული. აქედან გამომდინარე ძალიან შემცირებული იყო მოხმარება. 2021 წლის შემდეგ ყოველი წელი მოთხოვნა იზრდება, თუმცა გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად იზრდება კაკლის იმპორტიც. ანუ ბაზარი მხოლოდ ქართული კაკლის მოხმარების ხარჯზე არ იზრდება. კი ქართული კაკლის მოხმარებაც იზრდება, მაგრამ იმპორტიც მზარდია. ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი გასულ წელთან შედარებით დიდად განსხვავებული არ იქნება, რადგანაც კაკლის ფასმა აიწია და ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა და გარკვეულწილად მსყიდველუნარიანობა შემცირდა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - ამბობს  ანა ქევხიშვილი.

ადგილობრივ ბაზარზე ​„ანიგოზი“ პროდუქციას აქტიურად აწვდის ჰორეკა სექტორს, თუმცა საცალო მომხმარებლების უზრუნველყოფასაც ეწევა.

„ჩვენ პროდუქციას ვაწვდით ჰორეკა სექტორს, წარმოებებს, საკონდიტროებს. პროდუქციას ვაწვდით საცალო მომხმარებლებსაც, მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და გარანტირებულად ქართული ნიგოზი მიუვათ სახლში. დისტრიბუცია გვაქვს და ადგილზე მიწოდების სერვისიც გვაქვს. ასევე, საწყობი გაქვს ბათუმშიც, საიდანაც პროდუქციას ვაწვდით სხვადასხვა ობიექტებს. ყველგან სადაც შეიძლება კაკალი ნაჭუჭიანი, ან ნაჭუჭგაცლილი გამოიყენებოდეს, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, - ამბობს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.

ირკვევა, რომ „ანიგოზი“ პროდუქციის გაძვირებას სადღესასწაულო პერიოდებში ან თვიდან თვემდე არ ახდენს და კომპანიებთან ურთიერთობაში ერთი ფასი უჭირავს. 

„ახალი წლის პერიოდში ჩვენი კომპანია პროდუქციის ფასებს არ ზრდის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და ახალი მოსავლის აღების პერიოდში გარკვეული დგინდება ფასი და ამ ფასით ვაწვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ჩვენ ფასი არ გაგვიზრდია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

 ანა ქევხიშვილი სამომავლოდ საწარმოს გაფართოების გეგებზეც მუშაობს, რისთვისაც გარკვეული კაპიტალის მოძიება სჭირდება. თუმცა „ანიგოზი“ თანხების რეინვესტირებას ახდენს და ამ გზითაც ცდილობს საკუთარი ბიზნესის სტიმულირებას. 

„გაფართოება აუცილებლად დაგვჭირდება. ამის გეგმები გაქვს, გვჭირდება დამატებითი სასაწყობე მეურნეობები, გადამუშავების კუთხით გვჭირდება დამატებითი წარმადობა.  ბაზარზე მოთხოვნა არის. პირველად ბაზარზე შესვლის რთული გზა უკვე გავლილი გვაქვს და ახლა ნამდვილად ის დროა, რომ სიმძლავრეების დამატებაზე ვიზრუნოთ. თუმცა, ეს დიდ, პირველად დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ძირითად საშუალებებში ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. ბიზნესის განსავითარებლად, ჩვენი კომპანია თანხების რეინვესტიციას აკეთებს“, - აცხადებს ანა ქევხიშვილი. 

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ანიგოზი “ახალგაზრდა ოჯახის მიერ შექმნილი ბიზნესია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს კაკლის ბაღების გაშენებასა და მოვლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საწარმოს მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და პირველი მოსავალი 2021 წელს გადამუშავდა. „ანიგოზი“ ერთ-ერთი პირველი მაღალი წარმადობის კაკლის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელმაც პირველად საქართველოში შესთავაზა ფერმერებს მათი ნედლეულის გადამუშავება ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ტექნოლოგიით. 
საწარმო იბარებს ნედლეულს მოსავლის აღებიდან 48 სთ-ის განმავლობაში, რათა გადამუშავებული პროდუქტი იყოს უმაღლესი ორგანოლეპტიკური და ვიზუალური თვისებების მქონე.

„ანიგოზის“ გუნდი უწევს კონტროლს წარმოების სრულ ჯაჭვს - ბაღიდან საბოლოო მომხმარებლამდე. წარმოების პროცესში კომპანია იცავს ყველა საერთაშორისო სურსათის უვნებლობის მოთხოვნას, რომელიც გათვალისწინებულია უმაღლესი სტანდარტებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები