კომპანია „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი დავით მაყაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ქართულ გარჩეულ კაკალზე დოჰაში მოთხოვნა იზრდება.
„ჩართული ვართ საერთაშორისო ვაჭრობაში, გაგვაქვს 20 პროდუქტი. ახლა დავამატეთ კაკალი. უკვე სამჯერ გავიტანეთ გალფის ქვეყნებში, კატარში, დოჰაში ქართული გარჩეული კაკალი LuLu ჰიპერმარკეტების ქსელში იყიდება. მოთხოვნა იზრდება, პროდუქტი კარგად იყიდება და კიდევ გვაქვს შეკვეთები“, - ამბობს დავით მაყაშვილი.
„აგრითაჩი“ ქართული კაკლის გადაზიდვას დოჰასა და გალფის ქვეყნევში საზღვაო გზითაც გეგმავს.
„კატარში, ზოგადად გალფის ქვეყნებში კაკალი ბევრი ვერ გაგვაქვს, რადგან ექსპორტი საჰაერო გზით ხორციელდება. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ პროდუქცია საზღვაო გზითაც გავიტანოთ. კატარის მიმართულებით იგეგმება 1 კონტეინერის, დაახლოებით 20 ტონა გარჩეული ქართული ნიგოზის ექსპორტი“, - ამბობს „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი.
ამ დროისთვის, კომპანიამ დოჰაში საჰაერო გზით დაახლოებით 3 ტონა გარჩეული კაკალი გაიტანა. საზღვაო გადაზიდვების დაწყებამდე, კატარში საჰაერო გზით კიდევ 2 ტონამდე ნიგვზის ექსპორტი იგეგმება.
გარჩეული კაკლის გარდა, „აგრითაჩმა“ დოჰაში LuLu ჰიპერმარკეტების ქსელში „კულას“ და „კამპას“ გადამუშავებული წვენები, ჯემები და წყალი შეიტანა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, გადამუშავებული, ეტიკეტირებული პროდუქტების გაყიდვის ტემპი დაბალია.
„კაკალთან და მოცვთან შედარებით, გადამუშავებული პროდუქტები უფრო ნელა იყიდება, რადგან ეტიკეტირებულ და გადამუშავებულ პროდუქციას მეტი მარკეტინგი სჭირდება, რადგან ქართულ პროდუქციას ნაკლებად იცნობენ გალფის ქვეყნებში“, - ამბობს დავით მაყაშვილი.
სამომავლოდ „აგრითაჩი“ გადამუშავებულ პროდუქციას გალფის ქვეყნებში საკუთარი ბრენდით შეიტანს, ივნისიდან კი დოჰაში საკუთარი პლანტაციებიდან მოცვის ექსპორტს განაახლებს.
უახლესი
1 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა2 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება