დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა - რა განიხილეს

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა - რა განიხილეს

12-04-2024 16:22:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავცელებს. 

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. 

პრემიერ-მინისტრმა ფედერალურ კანცლერს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, როგორც ახალ ეტაპს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. 

ფედერალურმა კანცლერმა დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საუბარი ასევე შეეხო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებაა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. 

საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. 

ირაკლი კობახიძემ ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები