დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გიუანის მეღვინეობამ“ აშშ-ში ექსპორტი განაახლა და ბრიტანეთის ბაზარზე გაყიდვების გაზრდას გეგმავს

„გიუანის მეღვინეობამ“ აშშ-ში ექსპორტი განაახლა და ბრიტანეთის ბაზარზე გაყიდვების გაზრდას გეგმავს

28-03-2024 13:00:00

„გიუანის მეღვინეობამ“ აშშ-ში ექსპორტი განაახლა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა სალომე ალანიამ განუცხადა.

„პანდემიის გამო, „გიუანის მეღვინეობამ“ აშშ-ში ექსპორტი შეაჩერა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ს ბაზარზე პირველი შეკვეთა გავგზავნეთ. „გიუანის“ ღვინო ნიუ-იორკში გაიყიდება“, - ამბობს სალომე ალანია.

ამ დროისთვის კომპანია 15 პოზიციის ღვინოს აწარმოებს და ძირითადი სამიზნე ბაზარი აშშ და ევროკავშირია.

„გიუანის მეღვინეობის“ საწარმო მდებარეობს მანავში. ეს არის ადგილწარმოშობის ზონა და „მანავი“ არის ჩვენი ბესტსელერი ღვინო რითაც ვპოზიციონირებთ, თუმცა გვაქვს სხვადასხვა  კახური ჯიშებიც და ლეჩხუმური ჯიშის „ტვიშსაც“ ვაწარმოებთ“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, როგორც სალომე ალანია განმარტავს, ზოგან აინტერესებთ ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული „კახური მწვანე“. ეს ბრენდი ძალიან მოსწონთ იაპონიაში და კარგად იყიდება კანადაში. რაც შეეხება „მანავს“ უფრო მოთხოვნადია ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ის ბაზარზე. „გიუანის ღვინოები“ საექსპორტო ბაზრებზე პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი და კომპანიის ღვინო 10-მდე ქვეყანაში იყიდება.

„გვაქვს საწყობი ბრიტანეთში და აქტიურად ვმუშაობთ, რომ გავფართოვდეთ ამ ბაზარზე. ახლა მივდივართ გამოფენაზე London Wine Fair -ზე სადაც უკვე წინასწარ გვაქვს ჩანიშნული შეხვედრები იქაურ დისტრიბუტორებთან“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ადგილობრივ ბაზარზე „გიუენის მეღვინეობის“ პროდუქცია პოზიციონირებს როგორც პრემიუმ ხარისხის ღვინო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, მათთვის ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენი წარმადობა არ არის დიდი. საწარმოს სიმძლავრეა 400 000 ბოთლი წელიწადში. ადგილობრივ ბაზარზე ვპოზიციონირებთ „ალკორიუმში“, „8000 მოსავალში“, პატარა ღვინის ბარებში, მაღაზიებსა და რესტორნებში. გასულ წელთან შედარებით, წელს ჩვენი გაყიდვები გაორმაგებულია“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

„მეღვინეობა გიუანი“ ღვინოს საკუთარ ვენახებში მიღებული მოსავლისგან აწარმოებს, ხოლო ყურძნის ნაწილს ფერმერებისგან იბარებს. კომპანია მანავსა და ლეჩხუმში ვენახების გაფართოებას გეგმავს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად თანამშრომლების რაოდენობა იზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები