2023 წლის სექტემბერში თბილისში 3,314 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.5% და თვიურად 6.7%-იანი კლებაა. წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი ბაზაა, - ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების Galt & Taggart-ის 2023 წლის სექტემბრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით პირველადი ბაზრის (დეველოპერების) ბინების გაყიდვებმა იკლო (-8.2% წ/წ).
ამასთან, მეორად ბაზარზე ახალი და ძველი პროექტების გაყიდვები წლიურად 29.0%-ით შემცირდა.
„როგორც წინა კვლევაში აღვნიშნეთ, მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე მიუთითებს“.
2023 წლის სექტემბერში დიდი დიღმის (+6.9% წ/წ) და ჩუღურეთის (+16.1% წ/წ) გარდა გაყიდვები ყველა უბანში შემცირდა. ამასთან, ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო (-32.4% წ/წ), ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა, -20.4% წ/წ და -7.6% წ/წ, შესაბამისად. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) მუდმივი დომინირება და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ფასები
2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა.
მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42.0% წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.
ბაზრის ზომა
2023 წლის სექტემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 235.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იანი კლებაა. ისევე როგორც წინა თვეებში, პირველადი ბაზრის ზომა გაიზარდა (+17.4% წ/წ), რამაც ნაწილობრივ დააბალანსა მეორადი ბაზრის ზომის შემცირება (-13.9% წ/წ)
სამშენებლო ნებართვები
2023 წლის პირველ 8 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 48.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა უფრო ნაკლები ტემპით, წლიურად 20.7%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებზე.
უახლესი