დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განახლებადი ენერგიების ბაზრის განვითარების ფონზე, კვალიფიციურ მემონტაჟეთა საჭიროება გაჩნდება - რომეო მიქაუტაძე

განახლებადი ენერგიების ბაზრის განვითარების ფონზე, კვალიფიციურ მემონტაჟეთა საჭიროება გაჩნდება - რომეო მიქაუტაძე

11-04-2023 14:46:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 34 მემონტაჟეს, რომლებმაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შედგენილი გადამზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. 

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონისა და მემონტაჟეთა პროგრამის მნიშვნელობაზე ენერგეტიკული სექტორისა და ქვეყნისთვის. მისი თქმით, განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციისა და შესაბამისი ბაზრის განვითარებასთან ერთად, წარმოიქმნა სერტიფიცირებულ და კვალიფიციურ მემონტაჟეთა საჭიროება.

„მისასალმებელია, რომ ინტერესი ამ პროგრამაში მონაწილეობის მხრივ ძალიან დიდია. მათ შორის, იმ სპეციალისტების მხრიდანაც, რომლებიც მსგავსი ტექნოლოგიების მონტაჟს აქამდეც ახორციელებდნენ. სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობა გაზრდის მათ მიმართ მომხმარებლის ნდობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ბიზნესში, ასევე მცირე საოჯახო მეურნეობებში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების გამოყენებაზე", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. 

სერტიფიცირების პროგრამა მოიცავდა სპეციალისტთა გადამზადებას შემდეგი სპეციალობებით: მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი; მზის თერმული სისტემების მონტაჟი; ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი და ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი.

მოკლე მისალმებების შემდეგ, გაიმართა გადამზადებული სპეციალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. რომეო მიქაუტაძესთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის  პროგრამის დირექტორმა ანა-ვალერი პეტერსმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.  

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა განისაზღვრა კანონით „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ".

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები