Loyal - ი გალერია თბილისის აპლიკაციაა, რომელია სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ციფრულ სივრცეში და სავაჭრო ცენტრის სტუმრებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
„გალერია თბილისის“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის ნინი ადუაშვილის ინფორმაციით, სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ცენტრის მაღაზიებში, გასართობ, სერვის ობიექტებში და პარკინგზე გადაიხადოს აპლიკაციის მეშვეობით, დააგროვოს ქეშბექი ქულების სახით და დაგროვილი ქულებით გადაიხადოს სისტემაში ჩართულ ობიექტებში.
„დანახარჯის ზრდასთან ერთად მომხმარებელი გადადის ახალ დონეებზე, რითაც მას ეზრდება ქეშბექის პროცენტი და იღებს უკეთეს პერსონალურ შეთავაზებებს. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ასევე პარკირების ადგილის მონიშვნა, მანქანის მარტივად მისაგნებად. აპლიკაცია გალერია თბილისში განთავსებულ 40-მდე ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს უფრო მოქნილი შეთავაზების მიღებაში ეხმარება“, - განმარტა ნინი ადუაშვილმა Business Insider Georgia -თან.
გარდა ამისა, მან მიმდინარე სეზონიც შეაფასა და დასძინა, რომ ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, აქტივობა გაზრდილია და ,,გალერია თბილისი“ სრულად არის დატვირთული.
„ჩვენს სავაჭრო ცენტრს, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს წლის ნებისმიერ სეზონზე. ამ ეტაპზე „გალერია თბილისი“ სრულად დატვირთულია და გაზრდილია ასევე შემოსავლები წინა წლებთან შედარებით. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი ახალი ბრენდი შემოიყვანეთ საქართველოში, რომლებიც მხოლოდ ქალაქის გულში არიან წარმოდგენილნი“, - აღნიშნა ნინი ადუაშვილმა.
ცნობისთვის, „გალერია თბილისი“ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას - ეს არის შოპინგი, გართობა, კვება, მომსახურების სერვისები და ა.შ
თბილისის შუაგულში მდებარე სავაჭრო ცენტრი ამ ეტაპზე წარმოდგენილია 140 ქართული და საერთაშორისო ბრენდით, მათ შორის, PAL ZILERI, HACKETT, KARL LAGERFELD, ELISABETTA FRANCHI, SCOTCH&SODA და სხვა, რომლებიც მხოლოდ გალერია თბილისში განაგრძობენ საქმიანობას. ამასთან, სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 20 კვების ობიექტია განთავსებული.
უახლესი