შემოდგომიდან ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულების ზრდაა მოსალოდნელი. როგორც Business Insider Georgia-სთან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ზუმბაძემ განაცხადა, შემოდგომიდან ჩინეთიდან ტვირთებზე მოთხოვნა ტრადიციულად იზრდება, რაც საბოლოოდ ტრანსპორტირების ხარჯზე ახდენს გავლენას.
„ჩინეთიდან ტრანსპორტირების ტარიფების ზრდა, წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ დაიწყო, თუმცა ეს არ ეხება ტრანსპორტის ყველა სახეობას. საუბარია საზღვაო ტრანსპორტირების ფასებზე და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.
შემოდგომიდან გადავდივართ გადაზიდვების ყველაზე აქტიურ ფაზაში, რასაც მოჰყვება წინასაახალწლო ციებ-ცხელება, შესაბამისად გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზრდება - ამ ფაქტორების გათვალისწინებით ტარიფების მატებას ველი, ეს მეტწილად შეეხება აზიიდან ევროპისკენ მათ შორის შავი ზღვის მიმართულებას.
უმნიშვნელოდ არის გაძვირებული რკინიგზით ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში
რკინიგზით გადაზიდვები სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს საზღვაო გადაზიდვებს. ფასები თითქმის გათანაბრებულია ეს იმ ფონზე, როდესაც სარკინიგზო გადაზიდვები უფრო ძვირი იყო, ვიდრე საზღვაო .
დროის თვალსაზრისით დღეს ჩინეთიდან ფოთამდე ტვირთის ჩამოსატანად სარკინიგზო ტრანსპორტი უფრო ხელსაყრელია. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ საზღვაო გადაზიდვების ტარიფებმა გადააჭარბოს კიდეც სარკინიგზოს. SKYLOG-ის მაგალითზე გეტყვით, რომ სარკინიგზო გადაზიდვები
შარშან საერთოდ არ გვქონია, თუმცა წელს თებერვალ-მარტიდან დაწყებული, ჩინური ახალი წლის შემდეგ, მოთხოვნა მუდამ იზრდება.ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება რადგან ქართული კომპანიების უმეტესობას არ აქვს შესყიდვების 5-6 თვით ადრე დაგეგმვის ფუფუნება.
სატრანზიტო დროს წინასაახალწლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა. ამ ფონზე არ გამოვრიცხავ, რომ რკინიგზა უფრო მოთხოვნადი გახდეს.
რაც შეეხება ჩინეთიდან საჰაერო გადაზიდვებს, ტარიფები არ გაზრდილა. ბოლო ერთ თვეში საჰაერო გადაზიდვები გაიაფდა კიდეც. აგვისტოს ბოლომდე, ან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ზრდის მოლოდინი არ მაქვს. თუმცა როგორც ყოველთვის, სეზონურობიდან გამომდინარე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან საჰაერო გადაზიდვების ტარიფებიც გაიზრდება და ზრდის მაჩვენებელი მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. ახალი წლის შემდეგ კი ფასები ისევ დაიკლებს“, - განმარტავსSKYLOG-ის მმართველი პარტნიორი.
გიორგი ზუმბაძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ქართველი იმპორტიორები ჩინეთში პროდუქციის შეძენას დროულად განახორციელებენ.
„მომხმარებელმა ტვირთების დროულად მისაღებად ადგილები, როგორც რკინიგზაზე ისე საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით დროულად უნდა დაჯავშნოს. თუ კიდევ უფრო დროულად დაგეგმავენ შესყიდვებს და დროის მენეჯმენტს სწორად წარმართავენ, ყველა დამკვეთი მოასწრებს პროდუქციის მიღებას.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ჩამოტანა შესაძლებელია ხმელეთითაც, თუმცა სექტემბრიდან გადაზიდვაზეც მოთხოვნილების ზრდასთან ამ მიმართულებაზეც მოსალოდნელია ტარიფების მატება .. მას შემდეგ რაც ქართული სატვირთო ავტომობილები შევიდნენ ჩინეთში, SKYLOG-ი ურუმჩის საწყობიდან მხოლოდ ქართულ სატვირთო ავტომობილებს ვტვირთავთ. ამ სქემის ამოქმედებამ ქართულ სატრანსპორტო საშუალებებს ახალი გეოგრაფიული არეალი გაუხსნა და მეტი შესაძლებლობები გაუჩინა, პლუს საფასო პოლიტიკაშიც შეღავათები გვაქვს. თუ აქამდე ყაზახურ სატვირთო ავტომობილებს ვიყენებდით, დღეს უკვე ქართულ სატვირთო ავტომობილებს ვტვირთავთ. იმის ფონზე როდესაც
საზღვაო გადაზიდვების ვადები არის თითქმის გაორმაგებული, ქართველ იმპორტიორებს აუცილებლად სჭირდებათ ტვირთის სწრაფად მიღების ალტერნატიული გზები, სწორედ ასეთია საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. მიუხედავად იმისა, რომ სამანქანო გადაზიდვები ზღვასთან და სარკინიგზოსთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ძვირია და ყოველთვის, ყველა კომპანია ამ სერვისით ვერ ისარგებლებს, ვგულისხმობ ისეთ პროდუქციას, რომელთა ფასწარმოქმნაში ლოგისტიკა ძალიან სენსიტიურია და ძირითადად აქ ფართო მოხმარების საქონელზეა საუბარი“, - ამბობს გიორგი ზუმბაძე.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ სატრანსპორტო ხარჯების გაძვირების ფონზე, იმპორტირებული პროდუქციაზე ფასები მოიმატებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ინფლაციაც სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
„ეს უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული. წინასაახალწლო შესყიდვების პერიოდში ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ვალუტა გადის. ზოგადად ქართველი იმპორტიორი 3 სეზონის განმავლობაში ყიდულობს პროდუქციას და ამ დროს ქვეყნიდან დიდი ოდენობით ვალუტა გაედინება, თუ შესყიდვები დროულად მოხდება, მაშინ ჩინეთიდან საქართველოში პროდუქცია დროულად შემოვა, რაშიც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით იმპორტიორებს.
SKYLOG-ი მზად არის ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება მოახდინოს, როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საჰაერო და სახმელეთო გზებით. უკვე დაანონსდა ჩარტერები საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, რაშიც SKYLOG-იც ინტენსიურად ჩართულია და მალე მორიგ სიახლეებს შევთავაზებთ ქართველ იმპორტიორებს. მალე ვაპირებთ რკინიგზით ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირების სერვისის დამატებას - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის მონეტარული კომიტეტის სხდომის შემდეგ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა რომ ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის.
„საერთაშორისო სასაქონლო ფასებთან ერთად ტრანსპორტირების ღირებულებაც, იმპორტირებული საქონლის არხით, მთლიან ინფლაციაზე ახდენს გავლენას. 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს გლობალური ტრანსპორტირების ფასი მაისთან შედარებით 36.7%-ით გაიზარდა, ეს ძირითადად მომდინარეობს წითელ ზღვაში მიმდინარე პროცესებითა და აშშ-ის მიერ ჩინეთის იმპორტზე დაწესებული ტარიფებით, რამაც მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია და საჭირო გახდა გადაზიდვების ალტერნატიული არხების მოძიება, მაგ.: საჰაერო, რომელიც უფრო ძვირია თუმცა შედარებით საიმედო. ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა გლობალური ტრანსპორტირების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა“, - აღნიშნულია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა