დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა

ფულის მასა რეკორდულ ნიშნულზეა

12-09-2023 18:00:06

2023 წლის ივლისის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 5 503 100 000 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 4.3%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში კი 16%-ით.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისში მიმოქცევაში ნაღდი ფულის სახით 5 274 600 000 ლარი იყო, ხოლო 2022 წლის ივნისში კი 4 740 300 0000 ლარი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს პირველად 2022 წლის დეკემბერში გადასცდა. შემდეგ თვეებში კლება განხორციელდა, ხოლო 2023 წლის აპრილიდან ისევ ზრდა დაიწყო.

ივლისში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 228.5 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 650.0 მლნ ლარით შემცირდა და 250.0 მლნ ლარი შეადგინა.

ივლისში ერთთვიანი სესხი არ გაცემულა და შესაბამისად მისი ნაშთი უცვლელია. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 118.8 მლნ ლარით გაიზარდა და 158.7 მლნ ლარს შეადგენს.

ივლისში განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები.

მთლიანობაში, საანგარიშო თვეში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 531.3 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 349.3 მლნ ლარს გაუტოლდა.

მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვამ 60.0 მლნ ლარი შეადგინა და პორტფელის მოცულობა 60.0 მლნ ლარით გაიზარდა.

ივლისში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1,204.8 მლნ ლარით გაიზარდა, როგორც ეროვნული ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტების მატების გავლენით. M2 აგრეგატის ზრდა (703.7 მლნ ლარით ზრდა) მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდამ განაპირობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები