დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"ფინანსური განათლება სკოლაში" - ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

"ფინანსური განათლება სკოლაში" - ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

24-01-2024 22:02:00

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები.

დაჯილდოების ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მოსწავლეების ფინანსური განათლების ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კარგი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანისთვის, ოჯახების კეთილდღეობისა და მყარი ფინანსური ფუნდამენტის შექმნისთვის, არამედ ზოგადად ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისთვის.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებთან. 

"დღეს გვისრულდება ერთი წელი, რაც განვაახლეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ რეგიონურ და საერთაშორისო, არამედ უკვე ქართულ გამოცდილებას ეყრდნობა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ მყარი სტრატეგია და ხედვა, არამედ მსგავსი ღონისძიებების ძალიან კონკრეტული პორტფელი. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ფინანსური წიგნიერების საკითხების სკოლაში სწავლების ხელშეწყობის მიზნით, 700-მდე მოქალაქეობის მასწავლებელმა გაიარა გადამზადება. განათლების სამინისტროსთან კოლაბორაციით კი შეიქმნა ორი დამხმარე სახელმძღვანელო მე-7 და მე-9 კლასის მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის. ამ კონკურსით კი თავად მასწავლებლებს მივეცით უნიკალური შესაძლებლობა შეექმნათ საინტერესო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოყენება მათ კოლეგებსაც შეეძლებათ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. 

კონკურსანტებს სიტყვით ასევე მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.

მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას.

კონკურსში მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩაერთნენ. კერძო და საჯარო სკოლების სხვადასხვა სკოლის 65 მასწავლებლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა.

საბოლოოდ, ჟიურიმ, რომელიც კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 5 სპეციალური პრიზის, ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელი გამოავლინა. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, I ადგილის მფლობელები ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი, მარიამ ბოლქვაძე, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ფიქრია ხაჭაპურიძე და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი, ნანა კუპრეიშვილი გახდნენ. 

მეორე ადგილის მფლობელები კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მიმოზა ღოლიჯაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ბესიკ კაპანაძის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებელი, თამარ ჩაგელიშვილი გახდნენ.

კონკურსის მხარდამჭერი და სპონსორი ორგანიზაციები იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "პსპ დაზღვევა" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი".

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები