დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესება ექსპორტიორებისთვის გამოწვევად რჩება - გიორგი პაპავა

ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესება ექსპორტიორებისთვის გამოწვევად რჩება - გიორგი პაპავა

13-06-2023 18:00:09

საქართველოს საგარეო ბრუნვის მაჩვენებლები იზრდება, რასაც ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს. ამასთან, ხაზს უსვამს რუსეთის ფაქტორის გავლენას და დასძენს, რომ მზარდი ტემპის მიუხედავად ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა შენელებულია.

ეკონომისტის განმარტებით, მიზეზი შედარებით დაბალი ღირებულების მქონე ქართული პროდუქციის პრობლემით აიხსნება.

„ექსპორტი წლიურ ჭრილში გაზრდილია, თუმცა მაისის მონაცემებში ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია. რაღაც კუთხით ეს შეიძლება დასტაბილურების მანიშნებელი იყოს. შარშან გაზრდილი იყო ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, შესაბამისად, მოთხოვნა იზრდებოდა, რაც იმპორტის მაჩვენებლებშიც ჩანს და საგარეო ვაჭრობაში ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელია.

18 პროდუქციის გატანას ვახერხებთ ექსპორტზე, რაღაც ნაწილია მიბმულია მინერალებსა და სამთო-მომპოვებელ საქმიანობით წარმოებულ პროდუქციაზე, ესეც ახდენდა გარკვეულ გავლენას. თუმცა გამოწვევა ნამდვილად გვაქვს, რომ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული ევროკავშირის ბაზარი და იქ სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესება შევძლოთ. სამწუხაროდ, საქართველო ნაკლებად პროდუქტიული მწარმოებელია და არ არის ორიენტირებული შედარებით მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებაზე" - ამბობს გიორგი პაპავა.

ამდენად, ეკონომისტის შეფასებით, ქართული პროდუქტის ხარისხი არის მთავარი მიზეზი, რომ ევროპულ სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ. „ცხადია, როცა პირველადი პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება, ქვეყანა ნაკლებ სარგებელს იღებს. რაც შეეხება რუსეთის გავლენას საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა. განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, რაც განპირობებულია იმითაც, რომ რუსეთის მიმართ სანქციების პირობებში საქართველო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას განაგრძობს“, - დასძენს გიორგი პაპავა Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 18.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს 6.5 მილიარდ დოლარიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6% იყო. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით ვაჭრობის მაჩვენებელი 24.8%-ით 1 მილიარდ 402 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

EU-სთან ვაჭრობაში ექსპორტი მინიმალური იყო. ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში გაყიდული საქონლის ღირებულებამ სულ რაღაც 289 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პირველი ოთხი თვის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5.3%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ევროკავშირში მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. ამ საქონლის წილი მთლიან ექსპორტში 45.4% იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები