დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას, ქართული თაფლის წარმოება ვერ ეწევა - დარგის მთავარი გამოწვევები

ევროკავშირის ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას, ქართული თაფლის წარმოება ვერ ეწევა - დარგის მთავარი გამოწვევები

09-05-2023 13:30:56

საქართველოში წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, თაფლის სეგმენტში დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს PMCG-ის უმცროსმა მკვლევარმა ნანა ქაჯაიამ განუცხადა, რომელიც კვლევის „თაფლის წარმოების სექტორი საქართველოში“ თანაავტორია.

როგორც მკვლევარი ამბობს დარგში არის გამოწვევებიც.

თაფლის წარმოების სექტორი საქართველოში

2021-2022 წელს საკმაოდ გაიზარდა ქართული თაფლის ექსპორტი. აქამდე ევროპის ქვეყნებში თაფლი თითქმის არ გადიოდა. ამის მიზეზი იყო დაბალი სტანდარტი. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პრობლემების დაძლევა მოხერხდა და ქართული თაფლით ევროპის ქვეყნებშიც დაინტერესდნენ.

2021 წელს წინა წლებთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი გახუთმაგდა. თაფლის ექსპორტი ძირითადად საფრანგეთში - 32%, ბულგარეთსა (19%) და ნორვეგიაში (45) განხორციელდა.

გლობალური ტენდენცია

როგორც PMCG-ის მკვლევარი Business Insider Georgia-თან ამბობს გლობალური მოთხოვნა თაფლზე იზრდება, რასაც მომხმარებლების მზარდი უპირატესობა ბუნებრივ და ორგანულ დამატკბობლებზე შაქრისა და სხვა ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელ ხელოვნურ შემცვლელებზე.

გლობალური თაფლის ბაზარი სავარაუდოდ გაიზრდება $8.53 მილიარდიდან 2029 წლისთვის $12.69 მილიარდამდე, CAGR 5.83%-ით.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ცნობილია როგორც აღმოჩენილი უძველესი თაფლის მიწა, მაღალი ხარისხის თაფლის წარმოებისთვის შესაბამისი ბუნებრივი პირობები და ბიომრავალფეროვნება, საქართველოში თაფლის წარმოების სექტორის განვითარების პოტენციალი მაღალია“, - ამბობს მკვლევარი.

რატომ არ აღმოჩნდნენ ქართველი მეფუტკრეები მზად

საქართველო წინა სეზონზე არ აღმოჩნდა მზად, იმისთვის, რომ ექსპორტზე საკმარისი რაოდენობის თაფლი გაეტანა. ამის მიზეზად თაფლის არასაკმარისი მარაგები დასახელდა.

„თაფლის მარაგების შეგროვება რთულია, თუ პროდუქტს, რამდენიმე მცირე მეფუტკრე არ შეურევს და არ იქნება გარკვეული მოცულობა, ექსპორტზე ვერ გაიგზავნება. ეს ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება რადგან, რთულდება იმის დადასტურება, რომ თაფლის ხარისხი ერთნაირია. ახლა სკების პროდუქტიულობა გაზრდილია. ამ მხრივ მგონია, რომ სამომავლო ტენდენციები დადებითია და ამ „ჩავარდნის“ შემდეგ სექტორი უკეთესად მოემზადება, იმისთვის, რომ შემდეგი სეზონისთვის თაფლის წარმოება გაზარდონ“, -ამბობს ნანა ქაჯაია.

რა ნიშა უნდა დაიკავოს ქართულმა თაფლმა

რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ვერ გავა მასობრივი წარმოების დონეზე, ამიტომ მთავარი ნიშა უნდა იყოს თაფლის ხარისხი და არა რაოდენობა

„ზუსტად ამ მიმართულებით ვითარდებიან თაფლის დიდი მწარმოებლები. ეს ყველაფერი კი ცოდნის დონის ამაღლების ხარჯზე უნდა მოხდეს“, - ამბობს PMCG-ის მკვლევარი.

პრობლემები და გამოწვევები

ერთი პრობლემა, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ თაფლის ექსპორტიორებს ევროპის ბაზარზე შეექმნათ არის ის, რომ ამ ქვეყნებში მოთხოვნა ძირითადად აკაციის თაფლზეა. საქართველოში კი აკაციის ტყის ფართობი ნელ-ნელა მცირდება. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ამ ტიპის თაფლის მიღების რესურსი არ დაიკარგოს.

დარგის ერთ-ერთი პრობლემაა ქართული, კავკასიური ჯიშის ფუტკრის შენარჩუნება და, ინვაზიური ჯიშებისაგან დაცვა.

ასევე თაფლის წარმოებაში შემაფერხებელი შესაძლოა, აღმოჩნდეს განათლების საკითხი.

„თუ გაჭირდა ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის თანამედროვე ცოდნის მიწოდება, ამან შესაძლოა, შეაფერხოს ხარისხიანი თაფლის წარმოება“, - ამბობს მკვლევარი.

მიგნებები

აქართველოს თაფლის სექტორმა მოახერხა განვითარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. არსებობს ბევრი გამოუყენებელი პერსპექტივა, რათა სექტორი უფრო შემოსავლიანი გახდეს.

„პროდუქტების დივერსიფიცირების მხრივ არის დიდი პოტენციალი, რადგან ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ თაფლის ექსპორტი. სხვა პროდუქტებთან მიმართებით, ადგილობრივი მომხმარებლის დაინტერესებაც დაბალია. ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია „ფუტკრის რძე“ და ასევე საგულისხმოა სამომავლოდ „დედა ფუტკრების“ ექსპორტის განვითარება. ამისთვის საჭიროა სექტორი გაიზარდოს და ევროკავშირის ძლიერ მარკეტებზე ამ პროდუქტებზე მოთხოვნა გაჩნდეს.

 

  • ქართველმა მეფუტკრეებმა ევროპისკენ უნდა აიღონ გეზი.

 

ევროკავშირის ბაზარი ქართული თაფლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული ერთი კილოგრამი თაფლის ღირებულება 0,75 აშშ დოლარია, ევროკავშირის ქვეყნებში კი ქართული თაფლი 5,5 აშშ დოლარად იყიდება“, - ამბობს ნანა ქაჯაია.

P.S. 2016-2022 წლებში ექსპორტის ყველაზე მაღალი მოცულობა დაფიქსირდა ბულგარეთში (34%), შემდეგ მოდის საფრანგეთი (29%) და ნორვეგია (4%). აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის გერმანიაც.

საექსპორტო ღირებულებითა და მოცულობით ტოპ 10 ქვეყანას შორის, ქართულ თაფლის საექსპორტო ფასი ყველაზე დაბალი რუსეთში იყო - (0,75 აშშ დოლარი/კგ) , ხოლო ყველაზე მაღალი აშშ-ში (8,9 აშშ დოლარი/კგ). აშშ-ს მოჰყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები (7,7 აშშ დოლარი/კგ) და ჰონგ კონგი (7.6/ აშშ დოლარი/კგ).

ნატურალური თაფლის ექსპორტში პირველ სამ ქვეყანაში, ქართული თაფლის საშუალო ფასები ასეთი იყო: საფრანგეთი 5,3 აშშ დოლარი/კგ; ნორვეგიაში - 4,9 აშშ დოლარი/კგ; ხოლო ბულგარეთში - 2,7 აშშ დოლარი/კგ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები