ევროკავშირის ქვეყნებმა ჩინურ ელექტრომობილებზე იმპორტის გადასახადების შემოღებას შესაძლოა მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ უცხოური მედია ევროკავშირის სავაჭრო კომისრის ვალდის დომბროვსკის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ნოემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ჩინურ ელექტრომობილებზე შემოთავაზებული ტარიფების შემოღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დომბროვსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა იციან ბლოკის ავტოინდუსტრიის დაცვის აუცილებლობა, რადგან ჩინეთის წილი ელექტრო მანქანების ბაზარზე ძალიან სწრაფად იზრდება. რაც მისი აზრით, არის პრობლემა და უნდა მოგვარდეს.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი ევროკავშირის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია და გაერთიანება დაინტერესებულია მასთან თანამშრომლობით, თუმცა მან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს "დაუბალანსებელი" უწოდა.
მანამდე ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიას ჩინეთიდან ელექტრომობილებზე იმპორტის გადასახადების შემოღების მიზანი არ აქვს, უბრალოდ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს იმ უსამართლო სიტუაციის გამოსწორებას, რომელიც შეიქმნა ჩინეთსა და ევროპაში მწარმოებლებს შორის ჩინეთის მთავრობის სუბსიდიების გამო.
ევროკომისიამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ 4 ივლისიდან ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე დროებითი წინასწარი გადასახადები შემოიღო.
დროებითი გადასახადები ეხება მომწოდებლებს, რომლებიც ამ ეტაპზე უზრუნველყოფენ საბანკო გარანტიებს. გადასახადების ფაქტობრივი შეგროვება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმპორტის გადასახადების დაწესების შესახებ, რაც შესაძლოა შემოდგომაზე მოხდეს. ამ დრომდე, როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ჯერ კიდევ შესაძლებელია პეკინთან შეთანხმების მიღწევა და ამ პრობლემის მოგვარება.
უახლესი