სებ-ი 2022 წელს 40-მდე თანამშრომელმა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში 5 წამყვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დატოვა.
ცხადია, ადამიანური კაპიტალის ცვლილება/განახლება ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციის თანმდევი, ბუნებრივი პროცესია. სებ-ში კი საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ და ამ ფონზე, საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია.
ირკვევა, რომ მხოლოდ 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წამყვან კომპანიებში დასაქმდა და მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელეს საქმიანობა.
2023 წლის დასაწყისში კი ეროვნული ბანკის 5 მიმართულების - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საზედამხედველო პოლიტიკის, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, სპეციალიზებული რისკებისა და იურიდიული დეპარტამენტების უფროსებმა საქმიანობა გააგრძელეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სები-დან თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.
სებ-ში ამჟამად 600-მდე თანამშრომელია.
უახლესი