2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. როგორც Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთის რეგიონში მოხმარების კლების ტენდენცია შენარჩუნდა (-5.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია.
„ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 23.9%-ით შემცირდა. ეს დინამიკა ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია (+13.5% წლიურად), რაც თავის მხრივ უხვი ნალექის დამსახურებაა. გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა. შედეგად, თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში და ჯამური გენერაციის 15.9% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი შარშანდელ დონეზე შენარჩუნდა - 757 გვტ.სთ (წლიურად მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში გამოცხადდა განახლებადი ენერგიის მეორე აუქციონის გამარჯვებული პროექტები.
გამარჯვებულია 63 პროექტი, მათ შორის 32 ჰიდრო მოდინებაზე (183.2 მგვტ), 8 ჰიდრო მარეგულირებელი 1-4 სთ. (53.0 მგვტ), 6 ჰიდრო მარეგულირებელი 4-8 სთ. (130.6 მგვტ), 10 მზის (239.8 მგვტ) და 7 ქარის სადგური (204.2 მგვტ). აუქციონში გამარჯვებულთა შორის CFD ფასები მერყეობდა კვტ.სთ-ზე 4.68 - 7.74 აშშ ცენტის ფარგლებში. ყველაზე დაბალი ფასი მზის სადგურის პროექტზე დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი 4-8 საათამდე მარეგულირებელ ჰიდრო სადგურზე. CFD პრინციპის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიები ესკოსგან მიიღებენ დღით-ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასსა და კონტრაქტით განსაზღვრულ ფასს შორის სხვაობას.
„განახლებადი ენერგიის სიმძლავრის აუქციონი აღარ გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სამი აუქციონის გამოცხადება იყო დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროექტების განხილვის პროცესი გამარტივდება და ცალკეულ პროექტებს აუქციონის გარეშე, მემორანდუმის გზით შეეძლებათ სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება. ინიციატივის მიხედვით, მეორე აუქციონზე მიღებული მედიანური ტარიფი განისაზღვრება, როგორც კონკურენტულ პირობებში მიღებული ფასი და მემორანდუმის პირობები მასზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
უახლესი
17 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება18 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით