დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
DRG-ის დათვლა სამართლიანად უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესიდან უნდა გავიდეს - ნინო კიკნაძე

DRG-ის დათვლა სამართლიანად უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესიდან უნდა გავიდეს - ნინო კიკნაძე

05-12-2023 15:00:10

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი, საქართველოში 1 წელია რაც ამოქმედდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეფორმის დაწყებიდან დღემდე  სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა სამჯერ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.  

Business Insider Georgia დაინტერესდა, როგორ აფასებს DRG-ის სისტემას კერძო სექტორი.

როგორც ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ განაცხადა, DRG-ის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ძირითადად დიაგნოზი, თანმხლები დაავადებები, გამოსავალი, დაყოვნება, ასაკი და სხვა. 

„თითქმის ერთი წელია რაც დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. ეს არის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, DRG არის დაფინანსების მეთოდი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს და ასევე ადგენს რამდენი უნდა დაიხარჯოს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნისთვის.

ზოგადად DRG მისასალმებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს დანერგილი. მის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ძირითადად დიაგნოზი, თანმხლები დაავადებები, გამოსავალი, დაყოვნება, ასაკი და სხვა. ყველა ამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს DRG-ის დათვლა, სხვა შემთხვევაში აღარ იქნება DRG.

სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ყველა განვითარებულ ქვეყნებში DRG-ის დანერგვა და საბაზისო ღირებულებისა და შეწონილი წონების გადამრავლებით ხდება DRG კოდის ღირებულების დადგენა. მაგრამ ბოლო პერიოდში ეს კოდები რამდენჯერმე შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში შემცირდა, ზოგ შემთხვევაში მოიმატა. 

ჩემთვის ყველაზე გაუმჭვირვალეა ის, თუ რას ეფუძნება ეს ცვლილება, ანუ რის მიხედვით ცვლიან ამ კოდებს. ვთქვათ, გადაითვლიან და ნახავენ, რომ ეს ბიუჯეტისთვის არამომგებიანია...საინტერესოა, იგივე ხდება თუ არა ლატვიაშიც, რომლის მოდელსაც ჩვენ ვიყენებთ? ვფიქრობ, ეს საკითხი ბუნდოვანია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალედ მოხდეს ცვლილება.

DRG კოდების გადახედვისას უნდა მოხდეს ინფლაციის გათვალისწინება. ასევე არაერთხელ აღვნიშნე, რომ DRG-ის მთვლელი უნდა იყოს ცალკე ინსტიტუცია და სამინისტრო არ უნდა ახორციელებდეს ამ პროცესს, რათა სამართლიანად მოხდეს DRG-ის დათვლა“, - განაცხადა  Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ.

მისივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს ქირურგიასთან და მაღალ ტექნოლოგიებთან მიმართებით საკმაოდ დიდი ხარჯი აქვთ.

„2 თვე DRG-ის სისტემა სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და რეალურად 9 თუ 10 თვეა რაც სავალდებულო რეჟიმში მუშაობს. ერთი წელი არ გაძლევს იმის შეფასების საშუალებას, რომ ზუსტად დაითვალოს კლინიკამ თუ სამედიცინო დაწესებულებმა მოგებაზე გავიდა, თუ ზარალზე. მაგრამ, როგორც სამედიცინო დაწესებულებები ამბობენ, დიდწილად მაგალითად ქირურგიასთან და მაღალ ტექნოლოგიებთან მიმართებით საკმაოდ დიდი ხარჯი აქვთ“, - აღნიშნა კიკნაძემ.

ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მას გარკვეული კომუნიკაცია  ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც უთხრეს, რომ DRG კოდების გადახედვა მოხდება, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები