დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო

ComCom-მა მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო

28-11-2024 12:00:00

კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში გამარჯვებულად წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოდ ბევრი, 500-ზე მეტი  სკოლა მონაწილეობდა. წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას წარმატება მეოთხე კლასელების მიერ შექმნილმა ვიდეომ მოუტანა, რომელშიც მოსწავლეები კრეატიული და სახალისო ხერხებით ხსნიან თუ როგორ უმკლავდებიან დეზინფორმაციას და ადგენენ სიმართლეს.

ComCom-მა გამარჯვებული სკოლა თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკით, კერძოდ,ინტერაქციული დაფით, ლეპტოპით, მობილურის შტატივით, მიკროფონით და ლედ განათებით დააჯილდოვა. ამასთან ერთად კი, მოუწყო კუთხე, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის დამოუკიდებლად შექმნას შეძლებს. უფროსკლასელთა კატეგორიაში გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისია უახლოეს მომავალში დააჯილდოვებს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა სკოლის სახელით I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს შეეძლოთ, რომელთაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებდა. გუნდებს ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა შეემუშავებინათ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?".

ყველა მოსწავლეს, რომელიც ოლიმპიადაში იღებდა მონაწილეობას, კომუნიკაციების კომისია სერტიფიკატს გადასცემს. დამატებით კი, ათი საუკეთესო ნამუშევარი ComCom-ის მედიაწიგნიერების პლატფორმაზე განთავსდება. მედიაწიგნიერების ოლიმპიადა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გარდა შემეცნებითი და სახალისო პროექტებისა, აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) ძალისხმევით დაწყებული "მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტის დამსახურებით, დღეს მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე საგანი, საქართველოს 227 სკოლაში ისწავლება. საგნის ფარგლებში მოსწავლეები მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშვებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერებას აიმაღლებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები