კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევასა და კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების დასკვნებზე დაყრდნობით, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსურველ ოპერატორებს მისი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს. კვლევაში მონაწილე ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გამოასწორებს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რის შედეგადაც, ქართველი მომხმარებლები მწირი არჩევანისა თუ არახელსაყრელი პირობების გამო, აღარ დაზარალდებიან.
კერძოდ, კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ არახელსაყრელ გარემოებას ადასტურებს ComCom-ის მიერ ჩატარებული ფასების შედარებითი ანალიზიც, რომლის მიხედვით, ქართველ აბონენტებს მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მომსახურებებში, ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით, პრემიუმ ფასების გადახდა, ან დაბალი სიჩქარისა და მოცულობის არჩევა უწევთ. აღნიშნული მონაცემი, იმის გათვალისწინებით, რომ წლებთან ერთად სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, განსაკუთრებით კი მობილური ინტერნეტის გამოყენება მზარდია (2022 წელს - 12 გბ, 2023 წელს - 14 გბ), ნათლად ასახავს თუ როგორი შემზღუდველია ქართული მობილური ბაზარი აბონენტებისთვის.
საყურადღებოა ისიც, რომ ოპერატორებმა ბოლო წლებში საცალო ტარიფების ცვლილება ერთმანეთის პარალელურად განახორციელეს, კერძოდ, ერთი ოპერატორის მიერ ფასის ცვლილებას, მალევე მოჰყვა მეორე ოპერატორის მხრიდან მსგავსი ქმედება, თითქმის ანალოგიური პროცენტული ცვლილებით. აქედან გამომდინარე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზარი კონკურენტული არ არის, რაც მომხმარებლებს ართმევს არჩევანს და შემზღუდველ პირობებს უქმნის.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ბაზარზე არ არსებობს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და შემდგომ დანერგვის მოტივაცია, ხოლო ქართველი მომხმარებელი მსოფლიოში დანერგილ ინოვაციებს მუდმივად ჩამორჩება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულმა ოპერატორებმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, დაგვიანებით განახორციელეს 3G-სა და LTE სერვისების გაშვება, ხოლო 5G, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია ფართოდაა დანერგილი, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.
ყველა გამოვლენილი პრობლემიდან გამომდინარე, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ქართული ბაზარი დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირით, ასევე, პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება და მომხმარებლები მომავალშიც დაზარალდებიან. აღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით კი, კომუნიკაციების კომისიამ კვლევაზე დაყრდნობით, „მაგთიკომს“ სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა.
„მაგთიკომისთვის“ განსაზღვრულ სამ ძირითად ვალდებულებას ეროვნული როუმინგი, თანალოკაცია და MVNO-ს (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი) სავალდებულო დაშვება წარმოადგენს. ეროვნული როუმინგის შემთხვევაში, ის ოპერატორი, რომელსაც ქვეყნის გარკვეულ წერტილში არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაფარვა, შეძლებს „მაგთიკომის“ ქსელით ისარგებლოს და საკუთარ მომხმარებელს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ხარისხიანი მომსახურება მიაწოდოს; თანალოკაციის ვალდებულების მიხედვით, სხვა კომპანიები შეძლებენ თავიანთი ქსელური ინფრასტრუქტურის „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე განთავსებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მარტივად, დიდი ინვესტირების გარეშე გააფართოვონ საკუთარი ქსელი, ისარგებლონ „მაგთიკომის“ ელექტროენერგიით, გაგრილებისა თუ დაცვის სისტემებით და თავიანთ აბონენტებს გაუმჯობესებული მომსახურება მიაწოდონ. ხოლო რაც შეეხება MVNO დაშვებას, ეს ვალდებულება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს, რომელთაც არ აქვთ საკუთარი ინფრასტრუქტურა, მისცემს შესაძლებლობას შემოვიდნენ ბაზარზე და „მაგთიკომის“ ქსელის გამოყენებით დაიწყონ ოპერირება. აღნიშნული ვალდებულებები ბაზარზე კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის და ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ქართველი აბონენტებისთვის მრავალფეროვან არჩევანს, გაუმჯობესებულ ხარისხსა და მეტად ხელსაყრელ პირობებს შექმნის. საგულისხმოა, რომ სამ ძირითად ვალდებულებასთან ერთად, კომისიამ „მაგთიკომს“ 5 სპეციფიკური ვალდებულება განუსაზღვრა, რათა დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიანობა, გამჭვირვალობა და არადისკრიმინაციული პირობები იქნეს უზრუნველყოფილი.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 3 წელიწადში კვლავ გადაიხედება და ბაზრის მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კვლევა, ქართულ ტელეკომ ბაზარზე მანამდე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას კი რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს. კვლევის ყველა ეტაპზე კი, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო.
უახლესი