„ტირიფონის ბაღებში“ წელს 1 ჰა-ზე 40 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდებიან. როგორც Business Insider Georgia-თან „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განაცხადა, გასული წლისგან განსხვავებით მოლოდინები უფრო მაღალია.
„გასულ წელს კატასტროფულად დაბალი მოსავალი გვქონდა, რომელმაც 1 ჰა-ზე 31 ტონა შეადგინა. ხეხილის ნერგების, თუ მცენარეთა დაცვის საშუალებების მომწოდებლები ამბობენ, რომ ამ ფართობზე 50 ტონამდე ვაშლის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ჩვენც ამ გათვლებით შევადგინეთ ჩვენი ცხრილები, თუმცა შედეგს ვერ მივაღწიეთ. იმედი გაქვს, რომ წელს 1 ჰა-ზე 40 ტონა მოსავალს ავიღებთ. არც ეს არის სასურველი მაჩვენებლები, თუმცა შარშანდელ 31 ტონას ბერად ჯობს.
იმდენი ხარჯი გვქონდა გაწეული ხეხილის მოვლაზე, რომ შესაძლებელი იყო ბაღიდან 45 ტონა ვაშლის მიღება. მაღალი მოსავალი იმისთვის კი არ გვინდა, რომ ვთქვათ ჩემპიონები ვართო, არამედ იმისთვის, რომ ვაშლის თვითღირებულება გვქონდეს კონკურენტუნარიანი. მოსავლის წლევანდელი პროგნოზით კი თვითღირებულება უფრო კონკურენტუნარიანი გვექნება, ვიდრე შარშან. პროგნოზი გვაჩვენებს, რომ მეტი მსხმოიარობაა“,- აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი.
მეწარმე ვაშლის წარმოებაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით მთავარი გამოწვევა განათლებაა.
„თუ ვაშლის მოყვანის ზოგად ამოცანას შევხედავთ, შეგვიძლია ორ ნაწილადაც დავყოთ: პირველია ხარისხი და მეორეა რაოდენობა. საღი მოსავლის მოყვანის კუთხით, ჩვენს ამოცანას კარგად გავართვით თავი. ვისწავლეთ სწორად მოყვანა დაავადებების კონტროლის კუთხით. რაც იმის შედეგია, რომ ვისაც ქიმიკატები შემოაქვთ, მათი მომწოდებლების მიერ შემუშავებული სამკურნალო სქემები სწორია და ჩვენც სწორად ვიყენებთ. თუმცა მეორე ნაწილს, მოსავლის რაოდენობის მიმართულებაზე საუბრისას ბევრ სხვა პარამეტრს აქვს დიდი წონა.
ერთ-ერთია გასხვლის სისწორე და დროულობა, მეორეა მორწყვისა და კვების, ანუ სასუქების შეტანის ვადების დაცვა. ეს პირველი და ორი მეტ-ნაკლებად ათვისებული გვაქვს. მესამე გახლავთ, მცენარეთა ზრდა რეგულატორების მეშვეობით. ამ კუთხით გამოცდილება არ გაქვს და მცოდე ხალხი არ გვყავს, მაგრამ უფრო დიდი მიზეზია ის, რომ ამ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობა არ არის. არ შემოაქვთ. ვაშლის ხეები იმ პრეპარატების გარეშე არ მოკვდება, მაგრამ არც ჭარბ მოსავალს მოგვცემს“, - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი, რომელიც ხეხილის ბაღების გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვა ბიზნესებსაც ფლობს.
„ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონის სოფელ კვარხეთში მდებარეობს. მეწარმე ასევე ფლობს სამაცივრე საცავს „ტირიფონის ხილს“. ტირიფონის ველზე, სადაც საწარმოა, საქართველოში სიძველით მეორე, სამი ათასი წლის სარწყავი სისტემაა, „ტირიფონის არხი“, აქედან აიღეს სახელიც, ხოლო ბრენდი „გორჯი“ დაარეგისტრირეს.
„ტირიფონის ბაღებში“ დაკრეფილი ხილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და კომპანიის პრიორიტეტია, რომ იმპორტირებული ხილი მაქსიმალურად ჩაანაცვლოს და კონკურენცია გაუწიოს.
„ჩვენ გაქვს დამხარისხებელი ხაზი, რომელიც საათში 5 ტონამდე ვაშლს წონის, შეფერილობის ინტენსივობისა და ზომის მიხედვით ახარისხებს. შემდეგ პროდუქტი ქსელურ მაღაზიებში, მათი შეკვეთის შესაბამისად მიგვაქვს, ან მიაქვთ დისტრიბუტორებს, რომლებიც ვაშლს საბითუმო ბაზარზე ჰყიდიან“ - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი.
მისი თქმით, ფერმერების ნაწილი მოსავალს მალევე იშორებს, ვერ ინახავს და ამ ფონზე ქვეყანაში, ვაშლის სეზონის დასრულების შემდეგ პროდუქციის იმპორტი იზრდება.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ფერმერებმა ზამთარში ნებისმიერი ხილის შენახვა შეძლონ სათანადო სამაცივრე მეურნეობები არ არის.
„სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბაზარზე დეფიციტი იქმნება, ფასი იწევს და იზრდება იმპორტი. ამიტომ ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ავაშენეთ სამაცივრე მეურნეობა, სადაც 1000 ტონა პროდუქტის შენახვაა შესაძლებელი. როდესაც ხილის სწორად შენახვასაც ვისწავლით უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ივლისის ბოლომდე მცირე რაოდენობით ვაშლი შევინახეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში ხილის შენახვა შესაძლებელი იყო“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა. დღეს ზურაბ გოჯიაშვილი ამბობს, რომ არა ეს პროექტი, სავარაუდოდ ბიზნესის დაწყებას ვერ გაბედავდნენ.
„რომ არ ყოფილიყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენ მებაღეობაში ფულის დაბანდებას ვერ გავბედავდით. ძალიან მაღალი რისკია და ზოგადად მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. სოფლის მეურნეობის სუბსიდირებული სესხის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი საქმიანობის დაწყება. არსებულ რისკებს ემატება ისიც, რომ ჩვენი ბაღებიდან რუსეთის საოკუპაციო ბაზა ჩანს და ესეც ხომ რისკია“, - ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი.
„ტირიფონის ბაღები“ ამ დროისათვის 31 ჰა ხეხილის ბაღს აერთიანებს, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადით არის გადახურული, საიდანაც 2,7 ჰა-ზე მსხალია გაშენებული, ხოლო დანარჩენზე ვალი. კომპანიას აქვს ასევე, 30 ჰა აუთვისებელი მიწა.
„მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვბედავთ ინვესტიციის ჩადებას ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ შეგვიძლია პროდუქტი მომგებიანად ვაქციოთ“, - ამბობს გოჯიაშვილი.
„ტირიფონის ბაღები“ საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ვაშლის კომპანიაa, რომელსაც Global G.A.P. სერტიფიცირება აქვს გავლილი. კომპანია 2017 წლიდან მოყოლებული უწყვეტად გადის სერტიფიცირებას. სამაცივრე საცავი ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული.
უახლესი
16 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე18 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა18 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს