მეღვინეობა George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი - გიორგი რუხაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის ღვინოების 80% უცხოეთში, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ახლახან, მეღვინეობა George Grey Winery-ს პროდუქცია აშშ-ში ნიუ იორკში, Summer Fancy Food Show 2024-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
როგორც George Grey Winery-ს დამფუძნებელი ამბობს, აშშ-ში კომპანიის პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ჩვენი კომპანია აწარმოებს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ღვინოებს. ამჟამად წარმოებაში გვაქვს 12 სახეობის ღვინო. კლასიკური მეღვინეობის ხაზით ვაწარმოებთ საფერავს, ქინძმარაულსა და წინანდალს. ასევე გვაქვს ქვევრის ღვინოები, რქაწითელი, ქისი, კახური მწვანე და გრეისეული, რომელმაც გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსზე გაიმარჯვა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ასევე გვაქვს ფერადი ღვინოები: ცისფერი, მწვანე და იასამნისფერი. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია აწარმოებს ორი სახის ლიქიორს,ჩვენი პარტნიორები არიან თინათინ ჯაჯანიძე და ნინო მაისურაძე. რომლებიც არიან ღვინის ექსპერტები და მათ შექმნეს ამ ლიქიორის ბრენდი“, - ამბობს გიორგი რუხაძე.
მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ში „აწარმოე საქართველოს“ ეგიდით გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე გაიზრდება.
„ჩვენი ღვინო ამ დროისთვის აშშ-ის მხოლოდ ერთ შტატში ფლორიდაში, კერძოდ, მაიამიში იყიდება. აშშ-ში გამოფენაზე წარდგენილი გვქონდა როგორც კლასიკური, ისე ფერადი ღვინოები, ქვევრის ღვინოები.
ჩვენი პირველი ვიზიტი იყო აშშ-ში ნიუ-იორკში და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ნაწარმმა. ბაიერები ემოციებს ვერ მალავდნენ“.- ამბობს გიორგი რუხაძე.
George Grey Winery-ს დამფუძნებლის განცხადებით, აშშ-ის ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვები წლიდან-წლამდე იზრდება.
„თავიდან მცირე რაოდენობით დავიწყეთ გაყიდვები, ჯამში 15% -ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი აშშ-ის ბაზარზე. პრემიუმ ხაზი გვიჭირავს. მაიამიში იყიდება როგორც ფერადი ისე ქვევრის ღვინოები და ლიქიორები. მსყიდველუნარიანი მოსახლეობაა და პრემიუმ ხაზის ღვინოები უფრო მარტივად იყიდება“, - ამბობს მეწარმე.
გიორგი რუხაძის ინფორმაციით კომპანია წლიურად 100 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. George Grey Winery-ის ღვინოები წარმოდგენილია ევროპაში - ავსტრიაში,გერმანიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში. ასევე ექსპორტზე გადის იაპონიაში, ჩინეთსა და უზბეკეთში.
უახლესი