დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც იქნება არამხოლოდ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო არამედ მსოფლიოში - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც იქნება არამხოლოდ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო არამედ მსოფლიოში - მარიამ ქვრივიშვილი

01-01-2024 16:00:00

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის დიზაინს დიდი ყურადღება მიენიჭება. როგორც  Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, დიდი ყურადღება გამახვილდება არქიტექტურულ მხარეზე და პროექტისთვის ისეთი გამოცდილი არქიტექტურული კომპანია შეირჩევა, რომელსაც აეროპორტების დაპროექტებაში სათანადო გამოცდილება გააჩნია. 

„თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი არის საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ რეგიონისთვისაც. რადგანაც ჩვენი მიდგომა და ჩვენი ხედვა არის ტრადიციულზე მეტად ამბიციური. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც იქნება არამხოლოდ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო არამედ მსოფლიოში. რას გულისხმობს ეს ამბიცია, ერთი მხრივ რა თქმა უნდა აეროპორტმა უნდა უზრუნველყოს გამართული ოპერირება, უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს რასაც საერთაშორისო და შიდა მოგზაურები, მგზავრები აყენებენ. ეს არის გრძელვადიანი პროექტი და როდესაც ჩვენ ვიწყებთ ასეთ პროექტზე ფიქრს, ის იმდენად უნდა იყოს დაგეგმარებული, რომ მომდევნო 25-30 წლის განმავლობაში პასუხობდეს მგზავრების და საოპერაციო მოთხოვნებს. გავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას მივაქცევთ ვიზუალურ არქიტექტურულ მხარეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ის უნდა იყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახე ქვეყნისა, რადგანაც აეროპორტი არის კარიბჭე ქვეყანაში ჩამოსვლისას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულად წარმოადგინოს აეროპორტმა ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე და მხარე. სწორედ იმ დინამიკიდან და განვითარების იმ ტემპიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას აქვს ყველამ კარგად იცის, რომ არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სჭირდება განვითარება და გაფართოება, რათა ყველაფერ ამას რაზეც ვისაუბრე სწორი გადაჭრის გზებით ვუპასუხო. ერთის მხრივ ჩვენს გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმა, რომელიც შემუშავებულია არსებული ოპერატორის მხრიდან. შედეგად ჩვენ უკვე ვიცით ის შესაძლებლობები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაფართოების შემთხვევაში აქვს, მაგრამ ამავდროულად ვიცით რა არის ის შეზღუდვები, რაც არსებულ აეროპორტს აქვს. თუ რა არის ის მაქსიმუმი, სადაც გაფართოების შემთხვევაში აეროპორტი ვეღარ განვითარდება. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა და მოკვლევა ალტერნატიული ადგილისა, რომ სწორი შედარება გაგვეკეთებინა და სახელმწიფომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, სახელმწიფოებრივად რა იქნება უფრო სწორი მოხდეს არსებული აეროპორტის შემდგომი გაფართოება თუ აშენდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ კვლევით სამუშაოებს ვაზიანის ტერიტორიაზე, ტექნიკურს ისევე როგორც ეკონომიკური მიზანშეწონილობის კუთხით. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მზად გვექნება როგორც ტექნიკური ისევე როგორც ეკონომიკური კვლევა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაადაროს ეს ორი პროექტი ერთმანეთს და იქნეს გადაწყვეტილება მიღებული თუ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის დინამიკა, ის განვითარების გეგმა ის ამბიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არამხოლოდ ტურიზმში ან ავიაციაში ზოგადად, აეროპორტმა უნდა უპასუხოს ყველა ამ ამბიციას. შედეგად და შესაბამისად გვინდა ისეთი აეროპორტი, რომელსაც დიდი გამტარუნარიანობა ექნება, ჩვენ შევძლებთ აეროპორტის ტერიტორიაზე მათ შორის ქართველი მეწარმეებსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ განავითარონ კარგო ტერმინალები, განავითარონ კვების ობიექტები, განავითარონ ტექნიკურ ლოჯისტიკური ცენტრები, წარმოება და ასე შემდეგ, რომ შევქმნათ ერთიანი ეკოსისტემა და გამოვიდეთ იმ პრიზმიდან, რომელიც გულისხმობს რომ აეროპორტი მხოლოდ მგზავრზე მორგებული უნდა იყოს.

ჩვენ გვინდა სწორი ჯაჭვი იმისთვის, რომ ჩვენი ახალი აეროპორტი, რომელი გზაც არ უნდა ავიღოთ, იყოს ლოგისტიკური და ტრანზიტული ცენტრი. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაფართოოთ ტრანსპორტის ეს მიმართულება და ვნახოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი, ვნახოთ მეტი ქართული კომპანია ჩვენს საერთაშორისო აეროპორტში, ვნახოთ მეტი დასაქმების ადგილი და ცხადია ვნახოთ მეტი მილიონობით მგზავრი ქვეყანაში, რომელიც ჩვენს ახალ აეროპორტს გამოიყენებს არამხოლოდ საქართველოში ჩამოსასვლელად არამედ ტრანზიტულადაც“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობას ავიაციის კუთხით ძალიან ბევრი გეგმა აქვს.

„როდესაც ახალ აეროპორტზე ვსაუბრობთ ამ პროცესში რომელი გზაც არ უნდა ავირჩიოთ საქართველოს მთავრობა აპირებს ითანამშრომლოს ისეთ მსოფლიო დონის კომპანიებთან, არქიტექტორებთან, რომელთაც აქვთ მსოფლიოში გაკეთებული საუკეთესო აეროპორტები. იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ იქნება ტენდენციური მომდევნო წლებში, იქნება ლამაზი აეროპორტი, იქნება ქმედითი აეროპორტი და ეს არის ის გზა რასაც საერთაშორისო ისევე როგორც შიდა აეროპორტების განვითარებაში მუდმივად გამოვიყენებთ“, - ამბობს ქვრივიშვილი. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები