დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთის როლი მსოფლიოში და შესაძლებლობა საქართველოსთვის - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ჩინეთის როლი მსოფლიოში და შესაძლებლობა საქართველოსთვის - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

29-01-2024 10:17:00

საქართველოს შესაძლებლობა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ეს არის სივრცე, რომელიც ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილმა საკუთარ რუბრიკაში გასული კვირის ეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა და თქვა, რომ „ჩინეთთან ურთიერთობა ვერ იქნება სრულფასოვანი მისი პოლიტიკური მდგენელის გარეშე“. 

„გასული კვირის განმავლობაში ჩვენ 2 მნიშვნელოვანი ინდექსი ვიხილეთ: მსოფლიო ბანკის საწარმოთა გამოკითხვის შედეგები და ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კეთილსინდისიერების ინდექსი. რა იყო ამ ორ ინდექსში მნიშვნელოვანი? ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლის შემცირებაზე და სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიან ფუნქციონირებაზე. კორუფცია და სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობა არის ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რომელიც ერთის მხრივ ბიზნესისთვის არის განსაკუთრებით აქტუალური და მეორეს მხრივ თითოეული ჩვენგანისთვის. ორივე ამ ნაწილში საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებული წინსვლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით საქართველო უსწრებდა ევროკავშირის წევრ არა ერთ ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის კანდიდატის მქონე ქვეყნების სტატუსზე, სადაც საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ტიპის უპირატესობა. 

რა თქმა უნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შეეხებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს საქართველოში. ამ ვიზიტის ლოგიკური გაგრძელება იყო ყველაზე მაღალი რანგის შეთანხმება საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ახლა და ამ წუთას ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სომხეთთან ახალი რანგის ურთიერთობა. ვგულისხმობ, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში, ყარაბაღის კონფლიქტის ფაქტობრივ მოწესრიგებას. მიუხედავად სხვადასხვა კუთხით პოლიტიკური და ეკონომიკური არჩევანისა, ვგულისხმობ სომხეთის არჩევანს ევრაზიული კავშირის და საქართველოს არჩევანს ევროკავშირის მიმართულებით, სომხეთი და საქართველოს ყოველთვის ახერხებდნენ სინქრონში საკმაოდ წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას.  დარწმუნებული ვარ ახალ რეალობაში, ახალი სტრატეგიული უმაღლესი რანგის შეთანხმებით ეს ყველაფერი გაგრძელდება. 

გადავიდეთ მთავარ თემაზე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთის როლზე მსოფლიოში და შესაბამისად აქედან გამომდინარე თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ და რა გამოწვევები შეიძლება იყოს საქართველოს რეალობაში. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა. ბოლო წლების განმავლობაში მაღალი რანგის და პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე მაღალი რანგის, გასულ წელს პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ხოლო რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩინეთში ვიხილეთ მაღალი რანგის პოლიტიკური ვიზიტი მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მისი ეკონომიკური მდგენელიდან გამომდინარე. თუმცა მიუხედავად ამისა საქართველოში ვნახეთ არაერთი ორგანიზაცია თუ ცალკეული პირები, რომლებიც სვამენ კითხვას საქართველოს უნდა ჰქონდეს თუ არა ჩინეთთან ამ დონის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობა და აქ არის მთელი რიგი სპეკულაციები. თუმცა მინდა ახლა მიმოვიხილო ვისთან აქვს ჩინეთს მაღალი რანგის ურთიერთობა. ეს პოლიტიკური თავსატეხია მათთვის, ვინც კითხვას სვავს უნდა გვქონდეს თუ არა საერთოდ ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობა. ამიტომ ვნახოთ ვინ არის ჩინეთის ეკონომიკური და მთავარი სავაჭრო პარტნიორები: ექსპორტის ნაწილში ეს არის აშშ და მეორე ადგილზე არის ევროკავშირი. ჩინეთში იმპორტის კუთხით კი პირველ ადგილზე ასევე ევროკავშირია. თავად ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის იმპორტის მიმართულებით პირველ ადგილზეა ჩინეთი. ანუ სამი: ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი მსოფლიოში ქმნიან უდიდეს სავაჭრო ეკონომიკურ ბლოკს და აქვე მიკვირს კითხვა, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს რაიმე ტიპის ურთიერთობა ჩინეთთან. ევროკავშირი და ჩინეთი არიან მსოფლიოში ორი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ევროკავშირი და ჩინეთი ერთად ქმნიან მსოფლიოს მთლიანი მშპ-ს 1/3. მათ ვინც კითხვას სვავს ჩინეთთან ურთიერთობის შესახებ მინდა კიდევ ერთი თავსატეხი მივცე: როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების და ბრუნვის ეტაპებზე, ხომ უნდა დავფიქრდეთ ეს ტვირთები როგორ უნდა გადაადგილდეს? ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, რუსეთი მოექცა არაერთი სანქციის ქვეშ ბუნებრივია გაჩნდა მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე. ამ შემთხვევაში კი ალტერნატიული მარშრუტის უდიდესი შესაძლებლობა აქვს ე.წ. შუა დერეფანს, ანუ საქართველოზე გამავალ ტვირთებს. და მსოფლიოს მასშტაბით ორი ყველაზე მსხვილი ტვირთნაკადების გადაადგილების სივრცეში საქართველო რა როლს დაიკავებს ახლა აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ევროკავშირი ვახსენე და არ მიხსენებია დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ჩინეთთან ასევე მსხვილი სავაჭრო ურთიერთობა აქვს. ანუ ევროპის კონტინენტიდან ეს მოცულობები გაცილებით მაღალია. და საქართველოს შესაძლებლობა ამ მიმართულებით ეს არის სივრცე, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ აქვს მნიშვნელობა მანამდე გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, შემდგომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და კიდევ ერთი დეტალი, ვინც ჩინეთთან ურთიერთობას კარგად იცნობს დამეთანხმება, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ვერ იქნება სრულფასოვანი მისი პოლიტიკური მდგენელის გარეშე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები