ბიომეურნეობა ბოსტანი/Bostani-ის პროდუქტებზე წელს დიდი მოთხოვნაა, რაც ზოგადად ბიოწარმოების მიმართ გაზრდილი ინტერესით არის გამოწვეული. პარალელურად იზრდება იმ ობიექტების ჩამონათვალიც, სადაც ,,ბოსტანი" იყიდება, თუმცა რეალიზაციის ძირითადი ნაწილი ონლაინ ხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,ბოსტანის" დამფუძნებელი, ბიო მეწარმე ბექა ბარჯაძე საუბრობს.
„აქტიური გაყიდვებია, წინა წელთან შედარებით მიმდინარე სეზონზე მოთხოვნამ 80% -ით მოიმატა. ამაში ძალიან დაგვეხმარა ონლაინ გაყიდვები, სისტემა ძალიან კარგად აეწყო. თითქმის აღარ დარჩა პროდუქციაც. ვერ წარმოვიდგენდით, რომ აგვისტოში შეიძლებოდა ქათამი არ გვქონოდა გაყიდვაში.
წარმოების ტიპიც ისეთია, რომ ზედმიწევნით ითხოვს სტანდარტის დაცვას, რაც ბიოწარმოებისთვის 80-დღიანი პერიოდია. მთავარია, რომ სტანდარტი არ დავარღვიოთ, ამიტომ ზოგიერთ მომხმარებელს შეკვეთის მიღება ორშაბათამდე გადავუვადეთ", - ამბობს ბექა ბარჯაძე.
მისი ინფორმაციით, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად ,,ბოსტანის" პროდუქციის ფასები მაქსიმალურად შენარჩუნებულია.
„ფასები თითქმის ყველა პროდუქტზე შევინარჩუნეთ, არ გაგვიძვირებია. საკმაოდ წარმატებული სტარტი გვაქვს აღებული, რაც მდგრადი განვითარების სტიმულს გვაძლევს, არ ვჩერდებით. დადებითი ფაქტია, რომ ბიო პროდუქტების მიმართ ინტერესი მატულობს. დიდი მოთხოვნა არის კვერცხზეც, ამ სეგმენტში საკმაოდ სოლიდური ზრდა გვაქვს. როდესაც წარმოებას ვიწყებდი და შემდგომ პერიოდშიც, იყო გარკვეული უნდობლობა.
ბიო სერტიფიკატმა ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა. ყველა დარწმუნდა, რომ რეალურად ბიო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას წარმოვადგენთ და მომხმარებლამდე 100%-ით ნატურალური, უვნებელი პროდუქცია მიგვაქვს", - აცხადებს ბექა ბარჯაძე.
„ბოსტანი" თანამშრომლობს რამდენიმე სავაჭრო ობიექტთან, როგორიცაა ,,ბლაუნშტაინია“, ,,აგრო მენი", soplidan.ge, ,,აგროჰაბი", ფერმერი" და სხვა. რაც შეეხება ,,ბოსტანის" ონლაინ გაყიდვებს, ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საკურიერო მომსახურების საფასური 10 ლარს შეადგენს.
უახლესი