„ფინსპოტი“ საქართველოში მიტანის სერვისის წამყვან კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების შედარებას აკეთებს და განმარტავს, რომ Wolt-ს და Glovo-ს თითქმის თანაბარი ბაზრის წილი უკავიათ.
Wolt-ს ქვეყანაში შპს „ვოლტ ჯორჯია“ წარმოადგენს, ხოლო და Glovo-ს შპს „გლოვოაფფ ჯორჯია".
„ბიზნეს მოდელი: შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს საქონლის ღირებულებიდან გარკვეული საკომისიოს მიღება (ჩვენი დაშვებით — საშუალოდ 25%). ხარჯების ძირითადი ნაწილი კი მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, კურიერების ანაზღაურებასა და მარკეტინგულ ხარჯებზე.
2021 წელს, Wolt და Glovo-ს საშუალებით, სავაჭრო ობიექტებმა ჯამურად ₾274 მილიონის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს. [აქ დაშვებას ვაკეთებთ, რომ საშუალოდ 25%-იან საკომისიოს იღებს ორივე კომპანია მერჩანტებისგან].
Wolt და Glovo-ს თითქმის თანაბარი ბაზრის წილი უკავიათ. ვოლტის 2021 წლის შემოსავალმა ₾34.5 მილიონი შეადგინა; გლოვოს შემოსავალმა კი ₾33.9 მილიონი.
ბაზრის ამ ორ მოთამაშეს შორის ძირითადი სხვაობა მათი ზრდის ტემპი და ხარჯების სტრუქტურაა.
თუ 2019 წელს Wolt-ს გაცილებით მცირე დაფარვა ჰქონდა და Glovo-ს შემოსავლების მხოლოდ 64%-ის გენერირებას ახერხებდა, 2 წელიწადში, საკმაოდ სწრაფი ზრდის ტემპით, მოახერხა, რომ კონკურენტს დაწეოდა.
თითქმის თანაბარი შემოსავლიანობის მიუხედავად, Wolt-ის ბიზნესი მომგებიანია, Glovo კი ამ ეტაპისთვის ზარალზე მუშაობს.
„ფინსპოტის“ ანალიზით, Glovo-ს შემთხვევაში, მისი ზარალიანი ოპერაციების ძირითადი მიზეზი (i) მაღალი მარკეტინგული ხარჯები, (ii) მაღალი საკონსულტაციო ხარჯები და (iii) დედა კომპანიისთვის პროგრამული უზრუნველყოფისა თუ სხვა მომსახურებებისთვის გაწეული მაღალი დანახარჯებია.
Glovo-მ ₾5.2 მილიონით მეტი დახარჯა მარკეტინგულ საქმიანობაში, ვიდრე Wolt-მა. მცირებიუჯეტიანი მარკეტინგული აქტივობების მიუხედავად, Wolt-ი ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა.
პროფესიულ/საკონსულტაციო მომსახურებაში, Glovo-მ კონკურენტზე ₾2.3 მილიონით მეტი დახარჯა“, - აღნიშნულია „ფინსპოტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომპანიებს კაპიტალის სტრუქტურა:
• Wolt-ს არ აქვს სესხი ბალანსზე და ძირითადად მშობელი კომპანიის მიერ ჩადებული კაპიტალით ფინანსდება. მთლიანი აქტივების ღირებულება ₾13 მილიონია.
• Glovo-ს დაფინანსების ძირითად წყაროს მშობელი კომპანიისგან მიღებული სესხი წარმოადგენს. სესხის ბალანსმა ₾24.5 მილიონი ლარი შეადგინა 2021 წლის ბოლოს. მთლიანი აქტივების მოცულობა ₾15 მილიონია.
„ვოლტ ჯორჯია“ საქართველოში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მშობელი კომპანია ფინეთში დაფუძნებული Wolt Enterprises Oy-ია. 2022 წლის ივნისში ამერიკის წამყვანმა მიტანის სერვისის კომპანიამ, DoorDash-მა, Wolt Enterprises Oy იყიდა.
ასევე 2018 წლიდან ოპერირებს „გლოვოც“ მისი მშობელი კომპანია ესპანეთში დაფუძნებული კომპანია Glovoapp 23 SL არის.
2022 წლის ივლისში, Glovoapp 23 SL-ის 94%-იანი წილი მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მიტანის სერვისის კომპანიამ, Delivery Hero-მ შეისყიდა.
უახლესი