დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება

ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება

10-06-2024 17:29:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება. მაღალმთიან აჭარაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტი ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია 21 კმ-ზე, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს მიწის ექსკავაციისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი.

განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

სოფელ ვაშლოვანში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ამ დროისთვის დასრულებულია 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის კონსტრუქციის მშენებლობა და მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. ახალი სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული, ენერგოეფექტური, განთავსდება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი. სკოლის ღია მოედანს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.

დაბების და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაბა ხულოში და 11 სოფელში სრულად განახლდება სანიაღვრე არხები. წყალმომარაგებით მუნიციპალიტეტის 1600-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. აშენდება 3 წყლის სათავე ნაგებობა, 12 რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ასევე მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი მილები და წყალარინების სისტემები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები