ჩვენი სასტუმროს მაგალითზე საკმაოდ გააქტიურებულია ინდოეთის, ტაილანდისა და ზოგადად აზიის ქვეყნების მარკეტები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ავთო წურწუმიამ განაცხადა.
Crowne Plaza Borjomi-ს წარმომადგენელი, არსებული ჯავშნებისა თუ მოთხოვნების ფონზე სასტუმროში მაღალ დატვირთულობას ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ელოდება.
„ამ ქვეყნებიდან მოთხოვნები საკმაოდ აქტიურად შემოდის. სეზონი, რეგიონიდან გამომდინარე იქნება მაღალი. ვფიქრობთ, რომ ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. მომდევნო თვეებზე კი უკვე ვცდილობთ, რომ MICE ტურიზმზე ვიყოთ ორიენტირებული.
ზოგადად ტაილანდის მარკეტი აქტიურობს წლიდან წლამდე და საკმაოდ კარგი და მზარდია. არამარტო ტაილანდი, მალაიზიის, სინგაპურის ჯგუფებიც საკმაოდ აქტიურობენ, ჩამოდიან და აქტიურად ეცნობიან ქვეყანას“, - აღნიშნა წურწუმიამ.
რაც შეეხება ინდოელ და ჩინელ ვიზიტორებს Crowne Plaza Borjomi-ს მიმართულებით ისინიც აქტიურობენ. როგორც ცნობილია გასული წლის აგვისტოში დელისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო, ხოლო 2023 წლის ბოლოს კი ჩინეთიდან საქართველოში შემოსვლა ტურისტებისათვის უვიზო გახდა.
შესაბამისად, ამ ორი ბაზრიდან ტურისტულ ნაკადებზე ინდოეთის შემთხვევაში პირდაპირი ფრენების და ჩინეთის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის ეფექტის განსაზღვრა მხოლოდ მომავალი წლის ანალოგიურ პერიოდში გახდება შესაძლებელი.
„გარდა ამისა ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ევროპულ ქვეყნებთან ვისთანაც წყვეტა არ გვქონია. ეს ქვეყნებია გერმანია, პოლონეთი, იტალია და ესპანეთი. საკმაოდ აქტიურია ამ მიმართულებებიდან ტურისტული ჯგუფები“, - აღნიშნა Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
მიმდინარე ტურისტული სეზონიდან Crowne Plaza Borjomi სპა და ბალნეოლოგიური მიმართულებითაც აპირებს გააქტიურებას.
„ვგეგმავთ, რომ ჩვენი სპა და ბალნეოლოგიური მიმართულება უფრო წინ წამოვწიოთ. გვინდა საზოგადოებსაც გავაცნოთ თუ რა სპა და ბალნეოლოგიური რესურსი გააჩნია სასტუმროს, რომელიც მთელს რეგიონში და არა მარტო რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა“, - აღნიშნა წურწუმიამ.
რაც შეეხება 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის პროგნოზს, Crowne Plaza Borjomi-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს, რომ გასული წლის მიღწევები გააუმჯობესოს.
„ვცდილობთ, რომ შარშანდელზე უკეთესი მაჩვენებლები დავდოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ვცდილობთ, რომ გასული წლის შედეგებს დავუახლოვდეთ, მაგრამ შემდეგ თვეებში მოლოდინი გაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება, რადგანაც ჩვენი მარკეტი ძალიან Last-Minute იქცა .
ჰოტელიერებისთვის ცოტა რთულია პროგნოზების გაკეთება. თუმცა მიუხედავად ამისა მომდევნო თვის პროგნოზს წინა თვეში მაინც ვაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ შარშანდელ ნიშნულს მიუახლოვდეს და ზრდას მივაღწიოთ“, - აღნიშნა ავთო წურწუმიამ.
უახლესი