„ინსტრუქტორებმა ავტომობილის მართვა იციან, თუმცა მოსწავლეებს ქუჩაში წესებისა და შესაბამისი ნიშნების გამოყენებით გადაადგილებას არ ასწავლიან. ბევრი თვითნასწავლი ინსტრუქტორია და ამ საკითხს საქართველოში არავინ არ აკონტროლებს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით ძალიან ბევრი თვითნასწავლი ინსტრუქტორია და ამ პროცესს არავინ არ აკონტროლებს. გიორგი ბერიშვილი Business Insider Georgia-თან მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე ჩაჭრის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად, ინსტრუქტორების დაბალ კვალიფიკაციასთან ერთად, ფინანსურ საკითხსაც უკავშირებს.
„რადგან პრაქტიკული გაკვეთილები გაძვირდა, მოსწავლეებს სამი გაკვეთილის გავლის შედეგად სურთ მართვის მოწმობის აღება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 15 პრაქტიკული გაკვეთილია საჭირო. ერთი პრაქტიკული გაკვეთილის ფასი შესაბამისი პაკეტის არჩევისას 40-დან 50-ლარამდეა“, - ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.
გიორგი ბერიშვილი ამბობს, რომ მართვის მოწმობის ასაღებად სასწავლო კურსის ხარისხზე პასუხისმგებლობა ავტოსკოლებს უნდა დაეკისროთ. „თუ გვაქვს ლიცენზია და კონკრეტული სასწავლო პროგრამა, მაშინ ეს მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. დღეს არავინ ამოწმებს ავტოსკოლა 5 გაკვეთილს ატარებს თუ 15“, - ამბობს გიორგი ბერიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 7299 მართვის მოწმობა გაიცა.
მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, პაკისტანის, ისრაელის, აშშ-ის და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.
ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.
Business Insider Georgia- ს მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღებიდან) - 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, “B” და ”BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (რეალურ საგზაო მოძრაობაში გამოცდის ჩატარება) 24 521 პირი დაუშვეს, აქედან უარყოფითი შეფასება მიიღო: 11 659, ხოლო დადებითი შეფასება 12 822 პირმა.
ანუ რეალურად გამოცდა ვერ ჩააბარა და ჩაიჭრა 48%-ი
უახლესი