„არა ჰესებს“ კი არა მაქსიმალურად ხელი უნდა შევიწყოთ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, ჩვენს რეგიონში ყველა ქვეყანა აშენებს ენერგეტიკულ ობიექტებს და ჩვენც ამ მხრივ თუ წინ არ წავალთ მაშინ, საქართველოს მხრიდან მათზე დამოკიდებულება გაიზრდება.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს ყველაფერი შეგვიძლია სამ მთავარ ნაწილად დავყოთ. ერთი ეს არის ენერგეტიკული რესურსებით თვითკმარობა, ანუ ადგილობრივი გენერაციით ადგილობრივი მოთხოვნის უზრუნველყოფა. დაახლოებით 7 თვე ვართ უზრუნველყოფილი სხვა თვეების განმავლობაში გაქვს დეფიციტი. აქედან გამომდინარე გვიწევს ენერგიის იმპორტი, ან ელექტროენერგიის იმპორტი ან ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან, როგორც ეს ბოლო წლებში ძირითადად ხდება და მისი დამუშავება გარდაბნის თბოსადგურებში და ელექტროენერგიის მიღება. ბოლო წლებში მიმდინარე ხელშეწყობის კომპონენტი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის და საკმაოდ დიდი მოცულობით ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 2030 წლისთვის მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანა იქნება თვითკმარი. და მეტიც, ამ პერიოდისთვის უნდა გაჩნდეს ასევე დამატებით საექსპორტო ენერგიაც. ჩვენ ელექტროენერგიის ექსპორტს ვახორციელებთ, როდესაც სიჭარბე გაქვს და ეს არის ძირითადად მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. ექსპორტი ხორციელდება თურქეთში და რაღაც პერიოდში სომხეთშიც. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება სწორედ ის საშუალება, რითაც ჩვენ ჭარბი ენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობა გვექება და იქიდან მივიღებთ უცხოურ ვალუტას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ერთი კომპონენტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის არის მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტების შექმნა, „არა ჰესებს“ კი არა მაქსიმალურად ხელი უნდა შევიწყოთ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას.ჩვენს რეგიონში ყველგან ყველა აშენებს ენერგეტიკულ ობიექტებს და შემდეგ ჩვენ მათზე დამოკიდებული უფრო მეტად გავხდებით. რაც რა თქმა უნდა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ცუდია, რაც მუდმივად ჩვენი ქვეყნიდან ვალუტის გადინებას გამოიწვევს ელექტროენერგიის შესაძენად. მეორე კომპონენტი ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში ეს არის მისი ტექნიკური უზრუნველყოფა, ანუ მომხმარებლისთვის ამ ენერგიის ხარისხიანად და უსაფრთხოდ მიწოდება. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ იგივე სსე-ს გავუზარდეთ საინვესტიციო პაკეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახალი გადამცემი ხაზები შენდება, ახალი სადგურები შენდება და ასე შემდეგ. ასევე გამანაწილებელ ქსელში გავაორმაგეთ ინვესტიციები, რომელიც დავუმტკიცეთ თელასს და ენერგო პროს. თუ საშუალოდ თელასი წლის განმავლობაში ხარჯავდა 50-70 მლნ-ს ეს წლიურად უკვე 110 მლნ-მდეა გაზრდილი. ენერგო პროს შემთხვევაში კი საშუალოდ 60-80 მლნ-ი იყო და ახლა უკვე 195 მლნ-მდეა მათთვის დამტკიცებული ინვესტიცია. რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი გადამცემი ხაზები მოწესრიგდება, უფრო მეტი ქვესადგურები მოწესრიგდება, ამიტომ აქაც ენერგეტიკული საფრთხეების კუთხით სერიოზული ნაბიჯები იდგმება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში მესამე კომპონენტზეც საუბრობს და განმარტავს რომ საქართველოს რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთი დაბალი სამომხმარებლო ტარიფები აქვს და ამ ფონზე ქვეყანას ხელმისაწვდომობის კომპონენტი საკმაოდ კარგი გააჩნია.
„და მესამე კომპონენტი ეს არის უშუალოდ მომხმარებლის ხელმისაწვდომობა ენერგიაზე, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია. საშუალოდ ერთ ოჯახზე მისი შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება კომუნალური სერვისების სახით. აქაც გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთი დაბალი სამომხმარებლო ტარიფები გაქვს, ხელმისაწვდომობის კომპონენტი საკმაოდ კარგი გაქვს. თუმცა როგორც ბევრ ქვეყანაში ჩვენთანაც არიან მოწყვლადი მომხმარებლები, რომელთაც დაბალი შემოსავლები აქვთ და არიან სოციალურ უზრუნველყოფაზე. სწორედ ასეთი კატეგორიის მომხმარებლებისთვის, სახელმწიფოს გააჩნია მთავრობის მიერ დამტკიცებული მოწყვლადი მომხმარებლების ხელშეწყობის კომპონენტი და სხვადასხვა კომუნალური სერვისების თანადაფინანსებას ახორციელებენ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან“, - ამბობს დავით ნარმანია.
უახლესი
15 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა