დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აქტიურად ვმუშაობთ, რომ გალფის ქვეყნებსა და აშშ-ს ბაზარზე გავიდეთ - „მაისი“

აქტიურად ვმუშაობთ, რომ გალფის ქვეყნებსა და აშშ-ს ბაზარზე გავიდეთ - „მაისი“

30-08-2023 17:10:58

ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული, 100%-ით ნატურალური, უშაქრო  წვენები „მაისი“ წლის ბოლომდე აშშ-ს ბაზარზე გამოჩნდება.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანია „მაისის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა სალომე ალანიამ განაცხადა, ახალ ბაზრებზე მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად კომპანია აქტიურად მუშაობს ასორტიმენტის მრავალფეროვნების ზრდაზეც.

No description available.

სალომე ალანიას თქმით, ახლახან კომპანიამ არსებულ ასორტიმენტს 2 ახალი პოზიცია: წითელი მიქსი და მწვანე მიქსი დაამატა. თუმცა მანამდე „მაისი“ ბაზარზე საფერავის, რქაწითელის, ფორთოხლის, ვაშლის, „მულტიმიქსის“ 100%-ით ნატურალური, უშაქრო  წვენებით იყო წარმოდგენილი. 

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქცია შევიდეს გალფის ქვეყნებში და ასევე აშშ-ს ბაზარზე. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით დავნერგეთ სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი BRCGS – Global standard for food safety, Issue 8.

ასევე მივიღეთ მონაწილეობა აშშ-ში გამართულ გამოფენაში და გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, რომ აშშ-ს ბაზარზე შევიდეთ. მალე მივდივართ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ გამოფენაზე ჩიკაგოში და ვფიქრობთ, რომ აშშ-ს ბაზარზე აქტიურად შევალთ. ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით „აწარმოე საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე Gulfood და ახლა საუდის არაბეთის ერთ-ერთ მსხვილ შემსყიდველ კომპანიასთან გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები“, - აცხადებს „მაისის“ ბიზნეს განვითარების დირექტორი.

სალომე ალანია დარწმუნებულია, რომ ახალ ბაზრებზე შესასვლელად მოლაპარაკებები ძალიან მალე დადებითად დასრულდება და წლის ბოლომდე „მაისის“ პროდუქცია წარმოდგენილი იქნება როგორც აშშ-ს ასევე გალფის ქვეყნების ბაზრებზე. 

თუმცა მანამდე „მაისმა“ ექსპორტის გარკვეული პარტია გერმანიის ბაზარზე უკვე გაგზავნა. 

საექსპორტო პოტენციალის ზრდის მხარდამხარ კომპანიამ რებრენდინგიც დაიწყო, რათა ახალ ბაზრებზე განახლებული ვიზუალით (ჭურჭელი, ეტიკეტი) წარდგეს. გარდა ამისა კომპანია პროდუქციას ბაზარზე პეტ-შეფუთვებითაც გამოიტანს. 

„წარმოების გაზრდა მოგვიწევს და ვფიქრობთ რომ ნელ-ნელა პეტ-შეფუთვები, ბიოდეგრადირებადი შეფუთვები უნდა დავნერგოთ, რადგანაც ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა.  ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია ორნაირი შეფუთვით იქნება მინა და პეტი, თუმცა ექსპორტზე ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე პეტ-შეფუთვით გავიტანთ. კომპანიაში დაწყებული გვაქვს ერთგვარი რებრენდინგი და ვაახლებთ ჩვენს ეტიკეტებს“, - აღნიშნა სალომე ალანიამ.

დღეისათვის „მაისის“ პროდუქცია ბაზარზე 250 გრამიან შუშის ბოთლებითაა წარმოდგენილი.  რაც შეეხება ნედლეულს, კომპანია მთლიანად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

საწარმო, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა ნატახტარში მდებარეობს და წლიურად 1 500 000 ბოთლი პროდუქტის წარმოება შეუძლია. პროექტში 2 300 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის მეურნეობის სააგენტოს გრანტმა 600 000 ლარი შეადგინა.

ცნობისათვის, შპს „მაისი 2020“ ნედლეულს იღებს მხოლოდ დამტკიცებული მომწოდებლებისგან, რომელიც აკმაყოფილებენ კომპანიის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს და ცივი დაპრესვის მეთოდით ამზადებს უმაღლესი ხარისხის პასტერიზებულ 100% წვენს ყოველგვარი დანამატების გარეშე.

წარმოების თითოეულ ეტაპზე შეფასებულია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოტენციური საფრთხეები და დანერგილია შესაბამისი კონტროლის მექანიზმები. მომხმარებლისთვის სტაბილურად მაღალი ხარისხის უვნებელი პროდუქტის მიწოდება, საკანონმდებლო და საექსპორტო ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა - კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. BRCGS - გლობალური სტანდარტის დანერგვა კომპანიის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ცნობადობისა და სანდოობის მოსაპოვებლად. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები