„აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით: გრძელდება სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა - თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე 2024 წელს გაორმაგებულ სტიპენდიას, ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარის ოდენობით, 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.
სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების პროცესი მიმდინარეობს - ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხო საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 33 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში უკვე 35 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
უმაღლეს განათლებაზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე, გაგრძელდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.
გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (ENQA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან. ამასთან, შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ მიზნით, ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით შემუშავდება/განხორციელდება ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, გაიზრდება სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა და გაგრძელდება მუშაობა საქართველოს Erasmus+ პროგრამის ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებლად. 2024 წელს დასრულდება შესაბამისი კვლევა და დამტკიცდება ე.წ. „საგზაო რუკა“.
გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების საფეხურზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უნივერსიტეტების განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.
„ქვეყანაში მასწავლებლის რესურსის გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, გაგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა, ასევე ეთნიკური უმცირესობების სწავლის ხელშემწყობი პროგრამები. ამასთან, სამინისტრო სტუდენტ მსჯავრდებულ პირებს კვლავაც შესთავაზებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას. ამასთან, შემუშავდება დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.
ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისად, უნივერსიტეტებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გრძელდება საუნივერსიტეტო კამპუსის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი აკადემიური კორპუსების მშენებლობა.
ამასთან, 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი ეყოლება.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება, უდიდეს როლს შეიტანს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ზრდის საქმეში.
უახლესი