26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებებია დაგეგმილი. სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაში 100-მდე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობას - ტექსტილს, ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტყავის აქსესუარებს და სხვა.
ამასთან, სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილნი იქნებიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიები საკვებისა და სასმლის მიმართულებით, რომლებიც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებულ წვენებს, ჯანსაღ ხემსსა და ალკოჰოლურ სასმელს შესთავაზებენ. ღონისძიების თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.
რუსთაველის გამზირზე გამოფენა-გაყიდვის გარდა, მოეწყობა ფუდკორტი, საბავშვო და ახალგაზრდული სივრცეები.
26 მაისის სამეწარმეო მარკეტი საუკეთესო საშუალებაა ქართველი მეწარმეებისთვის წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ ის როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებლებს. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას და ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეს.
უახლესი