ტურიზმი და ავიაცია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის ანგარიშზე განაცხადა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.
„მოხარული ვარ, რომ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს თაობაზე. ეს არის ტურიზმი და ავიაცია. ტურიზმი და ავიაცია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი, ქართველების, კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო. გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც საქართველომ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა, 28 000-დან 40 000-მდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა აგრეთვე ავიაციის ინდუსტრიაც. კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა, ჯამურად, მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს - 6 მლნ მგზავრს გაუწიეს მომსახურება.
„ისტორიაში პირველად, 1.5 მლნ მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ზოგადად, გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მლნ მგზავრს მოემსახურებიან. დამეთანხმებით, რომ ეს არის შთამბეჭდავი მონაცემები.
ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. პირველ რიგში, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ასევე, რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებასა და შიდა აეროპორტების მშენებლობას და განვითარებას. კერძოდ, წელს დაგეგმილია თელავის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. ეს პროექტი უკვე არის წარდგენილი საზოგადოების წინაშე. ასევე, დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც და წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებას და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას.
„მოხარული ვარ, რომ პირველად შემიძლია ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე, - 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის. 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს ამისთვის. ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, - ეს არის M&I 2024, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორიც არის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და სხვ. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი, ლამაზი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ასევე ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანამიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს კეთდებოდა აქამდე.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც არის ჩართული ამ სექტორის განვითარებაში. ეს ადამიანები საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ დღემდე, მაქსიმუმს აკეთებენ და, დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალშიც ძალიან სერიოზულ წარმატებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება