ბიო სასათბურე მეურნეობა ბოსტანი/Bostani-ის საქმიანობაში 2023 წლის სეზონი წარმატებული აღმოჩნდა.
როგორც Business Insider Georgia- თან „ბოსტანის“ დამფუძნებელი, ბიო მეწარმე ბექა ბარჯაძე აღნიშნავს, პროდუქტზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.
კომპანიისთვის საახალწლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა.
„ჩვენი მოლოდინები გამართლდა, საკმაოდ კარგი გაყიდვები გვქონდა ახალი წლის პერიოდში, იმდენად კარგი, რომ ამ დროისთვისაც კი ქათმის კვერცხსა და ხორცზე დეფიციტი გვაქვს. თუმცა თებერვლის ბოლოსთვის მარაგი სრულად შევსებული გვექნება“, - ამბობს დამფუძნებელი.
2024 წლისთვის „ბოსტანი“ ბიო სერტიფიკატის განახლებას გეგმავს. ასევე ბიო წარმოების მიზანია ფასების მაქსიმალურად შენარჩუნება და ბოსტნეულის მოსავლის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება, რადგან წინა წლებში ამ მაჩვენებელმა 40% შეადგინა.
„ბოსტანი“ პირველი ბიო სასათბურე მეურნეობაა საქართველოში, რომელიც 2021 წლიდან აწარმოებს ბიო ბოსტნეულს, ნატურალურ ქათმის ხორცსა და კვერცხს. კომპანია ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით მომხმარებლის დიდი ნდობა მოიპოვა. წარმოების დაწყებიდან პირველ წელს მათ შეძლეს და მოიპოვეს გარდამავალი სერტიფიკატი.
„ბოსტანი“ გამოირჩევა ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, რადგან მეურნეობაში არ ხდება ქიმიური პრეპარატებისა და სინთეზური სასუქების გამოყენება.
უახლესი