დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯორჯიან მანგანეზი“ წარმოებას 75%-ით ამცირებს - ზესტაფონის ფეროში 11-დან 7 ღუმელი გაჩერებულია

„ჯორჯიან მანგანეზი“ წარმოებას 75%-ით ამცირებს - ზესტაფონის ფეროში 11-დან 7 ღუმელი გაჩერებულია

05-09-2023 18:00:57

 

ზესტაფონის ფეროში ღუმელების გაჩერების პროცესი ეტაპობრივად დაიწყო. 1-ელი სექტემბრიდან უკვე 7 ღუმელი გვაქვს გაჩერებული. რაც ჩვენი საწარმოო სიმძლავრეების 75%-ია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ განუცხადა.

თუთბერიძის განმარტებით, ზესტაფონის ფეროში წარმოების შემცირების გადაწყვეტილების მიზეზი ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისი გახდა.

„გაყიდვები მასშტაბურად არის შემცირებული. დაახლოებით 3 ათას ტონას შეადგენს ექსპორტი, რაც ფულად გამოსახულებაში $3 მილიონია, ხოლო კომპანიის დანახარჯები ყოველთვიურად 25-26 მილიონი დოლარს შეადგენს. ხარჯების დაფინანსებას მოზიდული სახსრებითა და ვალდებულებების აღებით ვახერხებთ. დარგი კრიზისშია“, - ამბობს თუთბერიძე.

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროს პირველ საამქროში, არის სამი ღუმელი, რომელთა სიმძლავრეც დანარჩენი ღუმელების სიმძლავრის ნახევარია.

„სულ გვაქვს 8 დიდი ღუმელი და 3 პატარა. დიდი ღუმელებიდან 7 გაჩერებულია. ჩვენი დანახარჯების დიდი ნაწილი არის ელექტროენერგია. დაახლოებით მილიარდ 100 მლნ/კილოვატ/საათ ელექტროენერგიას მოვიხმართ, რასაც საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება. ამიტომ ჩვენი საწარმოო სიმძლავრეები დავსვით „ვარციხე ჰესის კასკადის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის სიმძლავრეებზე. ვიგეგმებით წარმოების იმ მოცულობაზე, რასაც  ჩვენი შვილობილი კომპანიის „ვარციხე ჰესის კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ეყოფა“, - ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი.

როდის აღდგება საწარმოო პროცესი სრულად, ზესტაფოის ფეროში, ზუსტი თარიღი ვერ სახელდება.

„უახლოეს 6 თვეში, გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. დღეს ჩვენი პროდუქციის ფასი, მსოფლიო ბაზარზე არსებულის თვითღირებულებაზე $200-ით იაფია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, არსებული კრიზისის ფონზე თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. კერძოდ, თანამშრომლები საწარმოო სიმძლავრის შემცირების ფონზე, ღუმელების რეაბილიტაციაზე იმუშავებენ.

„რაც შეეხება ხელფასებს, ყველა თანამშრომელს ანაზღაურებას მოზიდული თანხებით ვუხდით. ჩვენ ივნის-აგვისტოში ექსპორტზე 17 500 ტონა საქონელი აშშ-ში გავიტანეთ, ჩვენს ტრეიდერთან. ეს პროდუქტი არავის ესაჭიროება, უბრალოდ მისი გირავნობით 20 მილიონი დოლარის სესხი ავიღეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გავყიდეთ და დასაწყობებული გვაქვს აშშ-ი. სწორედ ამით ვახერხებთ საწარმოს რჩენას. მარაგებს რაც შეეხება - დაახლოებით 200 ათასი ტონა გვაქვს დასაწყობებული“, - განაცხადა თუთბერიძემ.

2023 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტზე სულ 108.5 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობამ 285.7 მლნ დოლარი შეადგინა, კლება 70%-ია.

ფეროშენადნობების ექსპორტი თვეების მიხედვით / 2023 წლის 6 თვე:

  • იანვარი - 50.8 მლნ დოლარი;
  • თებერვალი - 20.8 მლნ დოლარი;
  • მარტი - 10.1 მლნ დოლარი;
  • აპრილი - 2.5 მლნ დოლარი;
  • მაისი - 2 მლნ დოლარი;
  • ივნისი - 23.1 მლნ დოლარი;

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის ბაზარი ქართული ფეროშენადნობისთვის ფაქტობრივად დაიხურა, ამის მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული მაღალი საიმპორტო გადასახადია, რის გამოც რუს მეტალურგებს ქართული ნაწარმის შეძენა აღარ უღირთ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები