დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელთან ვაჭრობაში სტრუქტურული ცვლილებები უკვე შესამჩნევია - გვანცა მელაძე

ისრაელთან ვაჭრობაში სტრუქტურული ცვლილებები უკვე შესამჩნევია - გვანცა მელაძე

04-02-2024 10:00:00

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 4 თვე გავიდა. Business Insider Georgia-ს კითხვაზე, რა გავლენა იქონია ომმა საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვაზე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველი პარტნიორი გვანცა მელაძე პასუხობს, რომ ისრაელთან ვაჭრობაში სტრუქტურული ცვლილებები უკვე შესამჩნევია.

„2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით გარკვეული პოზიციები მკვეთრად არის გაზრდილი, ნაწილი კი მკვეთრად შემცირებული.

ისრაელში ყველაზე მეტად სასმელების ექსპორტი შემცირდა, შემცირებულია კონსერვირებული პროდუქციაც, რაც ღირებულებით მაჩვენებელში დაახლოებით 3 მლნ დოლარამდეა.

მთლიანობაში ექსპორტის მაჩვენებელმა ისრაელში 15 მლნ დოლარი იყო, აქედან გამომდინარე, წილი საკმაოდ დიდია. ამავდროულად შემცირებულია ქირურგიული ინვენტარის ექსპორტი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პლასტიკური ქირურგიისთვის გამოსაყენებელი ძაფები, რომელიც აქტიურად გადიოდა ისრაელში. მიმდინარე მოვლენების ფონზე შემცირებულია ესთეტიკური დანიშნულების პროდუქციის მოხმარება.

რაც შეეხება ზრდას, აქ გარკვეულწილად იგრძნობა საომარი მოქმედებების გავლენა, რადგანაც ძირითადად გაზრდილია თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი, ასევე გარკვეული დანადგარების, სასუქის და საფეიქრო ნაწარმის ექსპორტი.

ეს უკანასკნელი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უნიფორმების ექსპორტთან, რომელიც საქართველოდან საკმაოდ წარმატებით გადის. საქართველოში შეკერილი უნიფორმების ექსპორტი წარმატებულია არა მხოლოდ ისრაელში, არამედ ევროპაშიც  და ამ კატეგორიაშია ძირითადად ცეცხლგამძლე უნიფორმები.

სამწუხაროდ, სტატისტიკა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად ამოვიცნოთ რა პროდუქციაზეა საუბარი და მხოლოდ კატეგორიებით შეგვიძლია გავაანალიზოთ. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის არსებული სტრუქტურული ცვლილებები ჰგავს საომარი მოქმედების დროს შეცვლილ ეკონომიკურ მასშტაბს, ფორმატს და მოთხოვნებს“, - აღნიშნა გვანცა მელაძემ. 

ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველი პარტნიორი ფიქრობს, რომ ქართულმა კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება.

უფრო მეტიც, ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კომპანიის ექსპორტის 20-30%-ზე მეტი ერთ  კონკრეტულ ქვეყანაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია. არ არის მარტივი, მაგრამ საჭიროა. არ ვიცით, ისრაელში ექსპორტზე კომპანიების რა წილი იყო დამოკიდებული (ანუ არ ვიცით ჯამურ ექსპორტში თითოეულ კომპანიას რა წილი ჰქონდა) და რთულია ანალიზი, თუმცა კომპანიები უნდა გადამისამართდეს სხვა საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ კომპანიებს, რომ არასოდეს იყვნენ 20-30%-ზე მეტად კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული. მით უმეტეს, ისრაელის მიმართულება სახმელეთო ექსპორტის თვალსაზრისით ყოველთვის პრობლემატური იყო, რადგან მარშრუტი ისეთ ტერიტორიებს გადის, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე პასუხი არის მხოლოდ ბაზრების დივერსიფიცირება,“ - მიიჩნევს გვანცა მელაძე.

იგივე თემაზე: 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები