დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმპორტიორებს ჩინეთიდან გადაზიდევების ხარჯები შეუმცირდათ - რა გაიაფდება

იმპორტიორებს ჩინეთიდან გადაზიდევების ხარჯები შეუმცირდათ - რა გაიაფდება

11-03-2023 18:00:01

„ჩინეთიდან გადაზიდვების ტარიფები პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება, რაც ბიზნესისთვის დიდი შეღავათია“, - ამის შესახებ კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა. „ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემური ჩინეთიდან ბრენდული პროდუქციის იმპორტი იყო, რაც ტრანსპორტირების მაღალ ხარჯს უკავშირდებოდა. ეს რისკი მოიხსნა. თუკი 2021-2022 წლებში თითო კონტეინერის ტრანსპორტირების ხარჯი 12 000- 15 000  დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა 3500  დოლარია, რაც ფაქტობრივად პანდემიამდელ ნიშნულს უტოლდება. ამან ბიზნესს განვითარება გაუადვილა. კრიზისიც ამ დროისთვის სრულად დაძლეულია, რაც ბევრ ბიზნესსა და ბაზარს უკვე დაეტყო", - ამბობს დავით ჩხეიძე.

რაც შეეხება ფასებს, ,,მეგასპორტის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ლარის კურსმაც ამ მხრივ დადებითად იმოქმედა, თუმცა ტექსტილის ფასები გაზრდილია, რაც გლობალური ტენდენციით არის გამოწვეული.

„ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დაგვეხმარა ლარის კურსი. ლარის გამყარებას დადებითი გავლენა ჰქონდა, ამ ფაქტორმა გაძვირებისგან იხსნა ბაზარი. ამის შედეგია, რომ ევროპულ და ამერიკულ ფასებთან შედარებით დიდი ცვლილება არ არის, რაც გაყიდვებზეც აისახება. ამ მხრივ გასული წელი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და ტრენდს წელსაც შევინარჩუნებთ", - ამბობს დავით ჩხეიძე Business Insider Georgia- თან.

ამასთან, მსხვილი იმპორტიორი არ გამორიცხავს, რომ თუ ტენდენცია შენარჩუნდა, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, „მეგასპორტი“ საქართველოში The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელია. კომპანია ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები