დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმედი გვაქვს, რომ სწორედ საქართველო იქნება ტექნოლოგიური სიახლეების ახალი აკვანი - ავთანდილ კასრაძე

იმედი გვაქვს, რომ სწორედ საქართველო იქნება ტექნოლოგიური სიახლეების ახალი აკვანი - ავთანდილ კასრაძე

07-07-2024 23:02:00

იმედი გვაქვს, რომ სწორედ საქართველო იქნება ის ახალი ტექნოლოგიური სიახლეების აკვანი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები გლობალურ დონეზე გაიტანონ ქართულმა სტარტაპებმა, - განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

მან აღნიშნა, რომ სააგენტომ ბიზნესიდეების კონკურსი უკვე მეცამეტედ გამოაცხადა. 

„ეს არის ძალიან დიდი წარმატების მქონე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე უამრავი სტარტაპი დაფინანსდა. მათ შექმნეს სამი ათასამდე სამუშაო ადგილი, ნახევარი მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს ქვეყანაში. თუმცა, კიდევ უფრო მეტი წარმატებული დიდი სტარტაპ-იდეები გვჭირდება, რომლებიც ისეთი მასშტაბის წარმატებას აღწევენ როგორსაც ფეხბურთელებმა მიაღწიეს რამდენიმე დღის წინ და მთელი საქართველო გაახარეს. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით გლობალური დონის ინოვაციურ მასშტაბირებად იდეებს. იმედი გვაქვს, რომ სწორედ საქართველო იქნება ის ახალი ტექნოლოგიური სიახლეების აკვანი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, რომ გლობალურ დონეზე ინოვაციური პროდუქტები, სერვისები და მომსახურებები გაიტანონ ქართულმა სტარტაპებმა. შესაძლოა, მათ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული ჰქონდეთ და დამატებითი პოზიტივია მათთვის, რომ დადებითად გადაწყდეს ამ საგრანტო პროგრამაში დაფინანსება“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ თითო საგრანტო პროექტი 150 ათასი ლარით დაფინანსდება და ამ ეტაპზე დაფინანსებას კონკურსის შედეგად შერჩეული 20 საგრანტო პროექტი მიიღებს.

„კონკურენცია არის ძალიან დიდი. შემოდის 500-ზე მეტი განაცხადი და ყველა არის გლობალურად მასშტაბირებადი პოტენციალის მქონე. არის ძალიან რთული შერჩევის პროცესი. ამ პროექტებს რთული კონკურსის გავლა უწევთ, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ მასშტაბურ, მნიშვნელოვან დიდ წარმატებას, საჭიროა, რომ სწორედ ასეთი რთული კონკურსის ფარგლებში მხარი დავუჭიროთ უკვე იმ 20 წარმატებულ იდეას, რომლებიც შეძლებენ, რომ საქართველო გლობალურ ტექნოლოგიური რუკაზე გაიყვანონ“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მან იმ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომლებიც პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება.

„აკრძალვა ეხება აზარტულ თამაშებს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებსაც, ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. თუმცა, დაკონკრეტებული გვაქვს, რომ ღვინოსთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, რომელიც ჩვენი პირველი ინოვაციაა, რაც მთელ მსოფლიოს შევთავაზეთ, გამონაკლისები არის. ყოფილა ისეთი იდეები, რომლებიც არ გადასულა შემდეგ ეტაპზე, რადგან აკრძალული საქმიანობის ჩამონათვალში შედის“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები