ლონდონი, ჟენევა და მილანი – ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული easyJet 2025 წლის გაზაფხულიდან შემოდის, – თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა და easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს.
“კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით მარტივი ნამდვილად არ იყო. თუმცა, გვიხარია, რომ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს და easyJet-ი, რომელიც ბრიტანულ მულტინაციონალურ “ლოუქოსტს” წარმოადგენს ფრენებს, საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან იწყებს.
ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან, ჟენევადან და მილანიდან, სადაც მას ყველაზე მსხვილი ბაზები გააჩნია და ჩვენთვის კი სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, რომ მგზავრთანაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება”, – განმარტავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა მილანის მიმართულებით დაიწყება. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.easyjet.com ხელმისაწვდომ ფასად უკვე შესაძლებელია. ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.
უახლესი