ილიაუნის C კორპუსის დანგრევაზე გავრცელებულ ინფორმაციას ვსწავლობთ - ამის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში Business Insider Georgia-ს სოცილაურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს, რომლის თანახმადაც უწყება, ილიაუნის C კორპუსის დანგრევას ითხოვს, სადაც ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრია განთავსებული.
„საკითხს ვარკვევთ და სავარაუდოდ განცხადებასაც გავავრცელებთ“, - აცხადებენ უწყებაში.
მანამდე Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება, რადგან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ილიაუნის C კორპუსის დანგრევა მოითხოვა.
"მეგობრებო, მძიმე სტატუსს გაკითხებთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ გადავაჭარბებ, მაგრამ გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ.
შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა!
უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე.
აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვით სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონესთვის დიალეზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე.
ხალხო, მეგობრებო, ადამიანებო, გესმით რასთან გვაქვს საქმე სახელმწიფოს მხრიდან?
გუშინ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფოს ხარჯით საკუთარი ჯანმრთელი, ნიჭიერი, უკვე სრულწლოვანი და დამოუკიდებელი შვილი თვითმფრინავით აფრინა საუკეთესო უნივერსიტეტში და ჩვენ, ვისი შვილებიც არასდროს გახდებიან სტუდენტები გვისპობს ერთადერთ საშუალებას სულ მცირედი მივიღოთ, როგორმე მშვიდად შეძლონ არსებობა ჩვენმა შვილებმა.
არ არსებობს არანაირი გეგმა, არანაირი შემოთავაზება და ალტერნატივა, იმის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, რამდენიმე დღით ადრე გავეფრთხილებინეთ. ადგილის შეცვლასაც უმძიმესად გადაიტანენ ბავშვები, მათთვის რუტინას და მონიშნულ ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არც რაიმეს გვთავაზობენ. ანგრევენ ილიაუნს და ვყვებით ამ ნანგრევებში, როგორც ყველაზე დაუცველები.
ახლა, რატომ ანგრევენ ილიაუნს, ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ აქ უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ სამხარაული წერს, რომ შენობა იმდენად ავაროულია, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია, რემონტიც, მხოლოდ ნგრევა, იქნებ ეს მართლაც ასეა, როგორ გინდა აქ სიმართლე ეძებო?! რა გინდა ქნა? მაგრამ ისიც ხომ ვიცით როგორ ებრძვის უკვე დიდი ხანია ამ უნივერსიტეტს ხელისუფლება. ჩვენ წარმოდგენაც არ გგქონია რა საშიშ, მანიპულატორ, ბოროტ, უსულგულო, ხელუსუფლებასთან გვაქვს საქმე.
მოკლედ, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს ამ წამს თავში, რომ უნდა მოვითხოვო თავშესაფარი. მაგრამ იქამდე, ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს გთხოვთ დაინტერესდეთ ამ ამბით.
ჩემს კოლეგა თეატრალებს, ვინც პირმცინარენი უსხედხართ ამ ხელისუფლების სიმბოლოს წულუკიანი თეას სახით, არ გამიბედოთ მოსალმება.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, დანა რომ დამარტყან სისხლი არ წამომივა, თუმცა დამარტყეს და ეგაა, არც ცრემლები მომდის, მხოლოდ ამ სტატუსის წერა შემიძლია ამ წუთას და რაღაცას ველი თქვენგან ვინც ახლა ამას კითხულობთ. სულ მცირე ის მაინც გაიაზრეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველას გაგითენდებათ ასეთი დღე და ეს რომ არ მოხდეს უნდა შევძლოთ და ამ ბოროტებას დავუსვათ წერტილი.
მე ვიცი რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ, ვიცი რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით. მიაწვდინეთ ხმა ყველას, დაგვიდექით მხარში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია და შეძლო ყველაზე დაუცველი ადამიანების გათელვა, ამის იქით თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს“, - წერს გვანცა გულიაშვილი.
Business Insider Georgia ამ საკითხზე ილიაუნის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.
უახლესი
3 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა16 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები