დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე "ფუმფულა" გაფართოებისთვის ემზადება

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე "ფუმფულა" გაფართოებისთვის ემზადება

23-08-2024 18:00:00

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე "ფუმფულა" გაფართოებას გეგმავს და შესაბამის ფართსაც აქტიურად ეძებს. როგორც Business Insider Georgia-სთან "ფუმფულას" თანადამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, დღეისათვის „ფუმფულას“ კაფე East Point-ში მდებარეობს და წინა ლოკაცია სტრატეგიული მიზნების გამო შეიცვალა. East Point-ი „ფუმფულასთვის“ უფრო სტრატეგიული ლოკაცია აღმოჩნდა, რადგანაც სავაჭრო ცენტრს ადგილობრივებთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარი აკითხავს.

„გადავედით East Point-ში. „ფუმფულას“ ფილიალი East Point-ში სწორედ რამდენიმე დღის უკან გაიხსნა. თუმცა გაფართოების მიზნით ვეძებთ ვერა-ვაკის ტერიტორიაზე შესაბამის ფართს და ლოკაციას, რათა მეორე ფილიალი გავხსნათ.

East Point-ში ჩვენი ფილიალი Cavea East Point-თან მდებარეობს, რაც საკმაოდ კარგი ადგილია. ზოგადად East Point-ში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. სავაჭრო ცენტრი, რომელიც კარგია იქ მოხვედრა რთულია. „ფუმფულა“ მათ ჩვენი კონცეფციის მიხედვით აგვარჩიეს, მაგრამ ამჟამად ჩვენი მენიუ შედგება ფანქეიქებისგან და გიოძასგან. გიოძა ეს არის იაპონური და ჩინური პელმენების მსგავსი საკვები და მზადდება ბრინჯის ფქვილისგან. პლუს ექსკლუზიური თანამშრომლობა გაქვს wolt-თან. არსებულთან ერთად East Point-ის ფილიალში გვექნება ახალი ფანქეიქები ფისტის და ნუტელათი„, - აცხადებს  დავით ჯანელიძე.

კომპანიის თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ ფუმფულა - ამზადებს დესერტს, რომელმაც თავისი გემოთი და ვიზუალური ორიგინალობით სიყვარული მოიპოვა მთელ მსოფლიოში - იაპონური ფანქეიქი. მთავარი განსხვავება კლასიკური ფანქეიქებისგან არის მათი მოცულობა და ჰაეროვანი, სუფლეს მსგავსი ტექსტურა.

„ფუმფულამ პირველმა მოამზადა საქართველოში ეს ცნობილი დესერტი, რისთვისაც თბილისში იაპონელი ტურისტების მაღალი შეფასებები უკვე რამდენჯერმე დაიმსახურეს. იაპონური ფანქეიქები განსხვავდება ევროპულისგან, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ მათი წარმოუდგენელი სიფუმფულის გამო, რაც მათ ჰაეროვან სუფლეს ჰგავს. ეს ეფექტი მიიღწევა მხოლოდ სპეციალური სამზარეულოს ტექნოლოგიით. იაპონური დესერტის ინგრედიენტები კი არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ - კვერცხი, შაქარი, ფქვილი და რძე. მართალია, ამ ფანქეიქებს ძალიან ცოტა ფქვილი სჭირდება, შესაბამისად, მეტი ცილაა საჭირო, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ფანქეიქები ოდნავ უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვეულებრივი“, - ამბობს დავით ჯანელიძე.

„ფუმფულას“ თანადამფუძნებლის თქმით, კომპანიას გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც სურს, მაგრამ არ არ ჩქარობენ და მიღებული გამოცდილებით ბიზნესის სწორად განვითარება სურთ.

„ამ პერიოდის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღეთ და არ გვინდა, რომ არასწორი ნაბიჯები გადავდგათ. ვეძებთ კარგ ადგილებს და გვინდა „ფუმფულა“ ისეთ ლოკაციებზე გავაკეთოთ, სადაც ბევრი უცხოელი ხვდება და ტრაფიკიც მაღალია. რადგანაც ჩვენი პროდუქცია ისეთია, რომ უცხოელებსაც იზიდავს“, - ამბობს დავით ჯანელიძე.

მისივე განმარტებით, „ფუმფულა“ დაინტერესებულია საბურთალოს სითი მოლში შესვლითაც, თუმცა ეს სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრის გაფართოების შემდეგ მოხდება, რადგანაც მოლში ამ დროისათვის თავისუფალი ფართი არ არის. 

„ფუმფულას“ ინტერესშია ასევე ბათუმის გრანდ მოლში შესვლაც, სადაც მოსახვედრად კომპანიამ საკმაოდ იბრძოლა, თუმცა მათთვის საინტერესო ფართი ვერ მოიძია. 

აღსანიშნავია, რომ იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე "ფუმფულა" თიბისის პარტნიორია. კომპანიამ თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და თავის დროზე ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი მარტივად მიიღო.

„ფუმფულა“, რომელიც გაფართოებაზე და ბიზნესის ზრდაზეა ორიენტირებული პოტენციურ ინვესტორსაც ეძებს, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი „ფუმფულა“ გაჩნდეს და კომპანიის ბრუნვაც გაიზარდოს. 

იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წესი, ზოგადად იაპონური რეალიების და, მათ შორის, სამზარეულოსადმი ინტერესს განაპირობებს. იაპონურ სამზარეულოს საქართველოში მოყვარულები არ აკლია, ამიტომ ყველა სიახლე – კვების ახალი ობიექტის გახსნა თუ ტრადიციულ მენიუში მანამდე უცნობი კერძის დამატება – მომხმარებლის ინტერესს ყოველთვის იწვევს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე „ფუმფულა“ აღმოჩნდა – პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია – კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია – აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.

ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:

„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.

„ფუმფულასთან“ პარტნიორობის მსურველებმა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას: fumfulabakery@gmail.com

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები