საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წევრ კომპანიებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც ახალი წევრები წარადგინა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი მოვლენები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორც ნეტო-აღრიცხვის, ისე ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის მომავალზე, რომლის დანერგვის აუცილებლობა ენერგეტიკული ბირჟის გაშვების შემდეგ გარდაუვალი გახდა.
GREDA - ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს, რომ სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევა ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.
„დღევანდელი შეკრება ემსახურებოდა კერძო და საჯარო სექტორის შეხვედრას, ვინაიდან შედგა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, რომელიც ეხება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმას, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სამიზნე ნიშნულებს და კერძო სექტორის ჩართულობას ამ ნიშნულის მიღწევაში. ქვეყანას 2030 წლისთვის თავისი სამიზნე ნიშნულები აქვს მისაღწევი და ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის ჩართულობა და აქტიურობა. ამიტომ თუ ჩვენ ამ თანამშრომლობის ნაწილში არ გავაქტიურდებით, ამ მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით გვექნება გამოწვევები. განვიხილეთ ასევე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგეტიკის სექტორში და ის გარემოსდაცვით საკითხები, რომელიც გარკვეულწილად ხარვეზების მქონეა და გამოწვევებს უქმნის ასოციაციის წევრებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წევრების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება და მრავალფეროვანი ხდება, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც უკავშირდება გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგადი ნიშნულების მიღწევას, გენერაციის და გადაცემის მხარეს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ძალისხმევით იქნება დაძლეული და შესრულებული“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
GREDAს-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დღის წესრიგში დგას და ის ენერგეტიკულ ბირჟის გაშვების შემდეგ გარდაუვალი აუცილებლობაა.
„ხელოვნური ინტელექტის გააქტიურება კერძო სექტორში პირველად მოხდა. ის ძირითადად ემსახურება პროგნოზების გაკეთებას, ვინაიდან ჩვენს წევრებს და არამხოლოდ ჩვენს წევრებს, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოწვევა პროგნოზების გაკეთების მხრივ. ეს საკითხები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა. ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი და ამ დროს კომპანიების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა ბირჟაზე შესვლაზე, რადგან ვერ ახდენდნენ პროგნოზირებას. ამიტომ ეს ნიშა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ მისი ამოვსება. ანუ პროგნოზები აქამდე თუ გვქონდა ცდომილების 20%-იან ნიშნულში, ახლა ის 4-5%-ია და უახლოეს პერიოდში, როდესაც მონაცემთა ბაზა სრულად ექნებათ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში ის იქნება უფასო, ეს კიდევ უფრო კარგად დაანახებს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებელია პროგნოზების გაკეთება 1- და 2 %-იანი ცდომილებით“, - აცხადებს მელიქიძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი ამბობს, რომ სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია და GREDA ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურობს.
„დღეს საშუალება მოგვეცა GREDA-ს უშუალო ორგანიზებით გავცნობოდით ასოციაციის წევრებს და მათთვის გაგვეცნ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ენერგეტიკის სექტორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, იგივე რეგულაციებთან მიმართებაში თუ რა რეკომენდაციების და დირექტივების გადმოტანა გვიწევს ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაში, რათა შესაბამისი რეფორმების განხორციელებით შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის სივრცესთან ჰარმონიზაცია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს GREDA-ს და მისი წევრების ჩართულობა და ინტერესი. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული კუთხით აქტივობები ძალიან წაადგება პროცესს. კერძოდ, იმ რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რასაც ეკონომიკის სამინისტრო და სხვა ენერგეტიკული კომპანიები ახორციელებენ სამინისტროს უშუალო ჩართულობით. ამ მხრივ, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ის კითხვები და კომენტარები, რაც აღნიშნულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, ყურადღებით იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, რათა სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. იმედს ვიტოვებ, რომ ხშირად მოგვეცემა ასეთი საშუალება, რომ იგივე ასოციაციის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებას გავაცნოთ ის ცვლილებები და რეფორმები, რაც ენერგეტიკაში ხორციელდება“, - განმარტავს ომარ წერეთელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ უწყებამ ენერგოეფექტურობის დანერგვის კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა.
„ეფექტურობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შევიმუშავეთ და ივნისში დამტკიცდა, როგორც შენობების ენერგოეფექტურობის, ისე ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რაც ითვალისწინებს მდგრად და ენერგოეფექტურ მშენებლობას სამშენებლო სექტორში და არა მარტო. სატრანსპორტო ინდუსტრიულ სექტორშიც შემოდის გარკვეული ვალდებულებები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შეიქმნას გარკვეული სტანდარტი, გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც ზედმიწევნით შევასრულებთ და განვავითარებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის რეფორმას. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელსაც ჰქვია მინიმალური ენერგოეფექტური მოთხოვნები სამშენებლო სექტორში, რის მიხედვითაც სავალდებულოდ განისაზღვრა დეველოპერისთვის, რომელიც 50 კვ.მ-ზე ზემოთ მშენებლობას ეწევა, შეადგინოს დოკუმენტი ენერგოეფექტურობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და წარუდგინოს ის ნებართვის გამცემ უწყებას, რათა მიიღოს სამშენებლო ნებართვა. აღნიშნული უკვე არის ვალდებულება და ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინიციატივა არის შექმნილი გარდამავალი პერიოდისთვის, ის ძალიან წაადგება პროცესს, რომ ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიები და აღნიშნული კუთხით ეს რესურს ეფექტური ტექნოლოგიები აქტიურად შემოვიდეს ჩვენს ყოველდღიურობაში“, - ამბობს წერეთელი.
რაც შეეხება სექტორს, კომპანია Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სექტორმა რეგულაციური თვალსაზრისით არსებულ სიახლეებზე და გეგებზე წინასწარ იცოდეს, რაშიც მათ მსგავსი ტიპის შეხვედრები, რასაც GREDA-ს სისტემატურად აწყობს, ძალიან ეხმარებათ.
„შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იყო განხილული. გამოვყოფდი ნეტო-აღრიცხვის თემებს, ასევე გარემოს დაცვით საკითხებს და ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის მომავალს. ზოგადად, ასეთი ტიპის შეხვედრები ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ხდება აზრთა და ინფორმაციების გაცვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთ შეხვედრებს საჯარო დაწესებულებებიდან ესწრებიან ჩვენი კოლეგები, პარტნიორები, ეს იქნება სამინისტრო, სემეკი თუ სხვა ტიპის დაწესებულება. შეხვედრებზე საუბარია იმაზე თუ რეგულაციური თვალსაზრისით რა სიახლეები იგეგმება. მსჯელობა და საერთო კუთხის გამონახვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც მთავრობა გეგმავს ჩვენთან, როგორც კერძო სექტორთან იყოს შეთანხმებული და ამასთანავე შეჯერებული“, - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
AI-ს თემის გააქტიურებას დადებითად აფასებს Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი და ამბობს, რომ სწორი პროგნოზირება უმნიშვნელოვანესია, რაშიც სექტორს ხელოვნური ინტელექტი დიდ დახმარებას გაუწევს.
„საუბარია იმაზე, რომ შევძლოთ პროგნოზირება გენერაციის, ამინდის და სხვადასხვა ფასის იმიტომ, რომ როდესაც ენერგეტიკული ბირჟა შემოდის ფასის პროგნოზირება და ამინდის პროგნოზირება ადამიანური მეთოდებით შეუძლებელია. აუცილებლად საჭიროა პროგრამული დახმარება და პროგრამული დახმარების დროს ხელოვნურ ინტელექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აანალიზებს მონაცემთა ბაზებს, ამინდს და ძალიან ბევრ რამეს და იძლევა წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობას.
არსებობს უკვე დაწერილი პროგრამები ე.წ. სოფტები, რომელიც გამოიყენება ჩვენს სფეროში. ჩვენი კომპანია მზის ენერგეტიკის მიმართულებით მოღვაწეობს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბირჟაზე ვაჭრობ, მეორე დღეს გენერაციის პროგნოზი უნდა წარადგინო, შესაბამისად ეს ძალიან რთულია, თუ არ გაქვს ინსტრუმენტი, რომელიც ამას გააკეთებს. ენერგეტიკის სფეროში უკვე არის გარკვეული ტიპის პროგრამები, რომელიც აქტიურად გამოიყენება, თუმცა ჩვენ ამას ჯერჯერობით აქტიურად არ ვიყენებთ, მაგრამ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით ამის აუცილებლობა დადგება“, - აცხადება დარჯანია.
უახლესი