Glovo საქართველოში 2023 წელს შემოსავლების ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლას გეგმავს. როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელი საშა მიშო აცხადებს, კომპანია, როგორც საქართველოში ისე გლობალურ ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობითა და შემოსავლების თვალსაზრისით ბაზრის ლიდერია.
საქართველოში Glovo უკვე 5 წელია ოპერირებს და მიუხედავად ბაზრის ზომისა, საქართველო მათთვის TOP-10-ში შემავალი მიმართულებაა.
როგორც Glovo-ს თანადამფუძნებელი აცხადებს, ამ ეტაპზე ლოკალურ დონეზე კომპანია 50 თანამშრომელს ასაქმებს, რომელთა ზრდაც 200-მდეა დაგეგმილი. კურიერების ოდენობა 5000-ს უტოლდება, ხოლო პარტნიორი მაღაზიების, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებების რიცხვი კი 2500-მდე ადის.
საქართველოში Glovo-ს გეგმები მომხმარებლების ზრდას უკავშირდება, რაც Glovo-ს აპლიკაციაში ახალი მომსახურებებისა და სერვისების დამატებას და გაფართოებას ისახავს მიზნად. მათ შორის, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მასტერქარდთან, თიბისისთან და ციფრული სერვისების შეძენა აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია.
Glovo-ს თანადამფუძნებლის საშა მიშოს განცხადებით, იგეგმება ასევე მიტანის სერვისის კიდევ უფრო დახვეწა და ამ გზით პარტნიორების და კურიერების მოზიდვა. მათ შორის, კურიერების ნაწილში, აქცენტი გამჭვირვალობაზე, სამუშაო პირობებსა და თითო შეკვეთიდან გამომუშავებაზე კეთდება.
Glovo- საქართველოს რეგიონებშიც ოპერირებს, თუმცა აქცენტი მაინც თბილისზეა, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და შეკვეთებიც შედარებით ნაკლები.
რაც შეეხება რეგიონის მიმოხილვას, სომხეთი Glovo-სთვის საქართველოზე პატარა, მაგრამ მზარდი ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საინტერესო ბაზარია, კომპანია ჯერ ამ მიმართულებით გაფართოებას არ გეგმავს და აქცენტს არსებულ ბაზრებზე მაჩვენებლების ზრდაზე აკეთებს.
ერთ-ერთი მთავარი ბაზარი Glovo-სთვის იყო უკრაინა, რომელიც მათ პორტფელში top-5 ქვეყანაში შედის. კომპანია უკრაინაში თანამშრომლებს (280 ადამიანი) 3 თვის განმავლობაში მაინც უხდიდა კუთვნილ ანაზღაურებას, შემდგომ კი უსაფრთხო რეგიონებში განაგრძო ოპერირება, რომლის ხარჯზეც ომამდელი მაჩვენებლები 100%-ით აღდგა და გადააჭარბა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან უკვე 5 წელია რაც ოპერირებს.
უახლესი