დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლობალურ ბაზრებზე ოქრო მოულოდნელად გაიაფდა - მიზეზები

გლობალურ ბაზრებზე ოქრო მოულოდნელად გაიაფდა - მიზეზები

22-02-2023 21:03:41

ძვირფასი ლითონის ბაზარზე მოცემულობა შეიცვალა. ოქროზე ფასი წლის დასაწყისიდან თითქმის $100 დოლარით შემცირდა. მცირედით გაიაფდა ვერცხლიც.

ანალიტიკოსები ბაზრის ტენდენციას აშშ დოლარის კურსის შესუსტებას უკავშირებენ.

არსებული მონაცემით,  ვერცხლის ფასი 22 დოლარამდეა, ხოლო 1 უნცია ოქროს (უდრის 31,1034768) ღირებულება $1847 შეადგენს, როცა წლის დასაწყისში $1950 ღირდა.

ანალიტიკოს ნიკა შენგელიას განცხადებით, ოქროს ფასი მეტად არ შემცირდება, პირიქით, სამომავლოდ კიდევ გაიზრდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ციფრული ვალუტა ამოქმედდება.

„ოქროს, ნავთობის და აქციების ფასები ერთმანეთთან კორელაციურ დამოკიდებულებაშია. ამ ეტაპზე ცვლილება ძირითადად სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესითაა განპირობებული. უნციაზე ოქროს ფასი 2022 წელს $2000 დოლარს აჭარბებდა, ახლა გაიაფდა, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ფასი კიდევ შემცირდება.  როცა ციფრული ვალუტა დაიწყებს შემოსვლას ქვეყნებში, ოქრო იქნება გარდამავალი საფეხური, ვარაუდობენ, რომ ოქროში მოახდენენ ანგარიშსწორებას ინვესტორები.

ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყანა აპირებს ციფრული ვალუტის შემოტანას, რაც სამომავლოდ ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების გაძვირებას გამოიწვევს", - ამბობს Business Insider Georgia-სთან ნიკა შენგელია.

მისი თქმით, საფასო სეგმენტში ვერცხლი პოზიციებს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს, რაც ამ ლითონის სტრატეგიული დანიშნულებით არის განპირობებული.

„ბოლო წლების განმავლობაში ვერცხლზე მოთხოვნა იზრდება. უნდა ითქვას, რომ იგი მხოლოდ  ძვირფას ლითონად არ განიხილება,  სტრატეგიული დანიშნულებისაა და გამოიყენება ტექნოლოგიებში.  მათ შორის, ჩიპებისა და მაღალტექნოლოგიური დეტალების დასამზადებლად.

2022 წლის 28 იანვრიდან დაიწყო ვერცხლის გაძვირების პროცესი და საკმაოდ ნახტომისებრი ცვლილება განიცადა. ამ ეტაპზე მცირედით გაიაფდა, მაგრამ ცვლილება ჯერჯერობით უმნიშვნელოა,", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ოქროს ფასმა შეიძლება მიაღწიოს რეკორდულ მაჩვენებელს წელს  და 2000 დოლარსაც გადააჭარბოს, რადგან Fed განაკვეთების ზრდის ტემპს ანელებს და შესაძლოა ეს პროცესი საბოლოოდ შეაჩეროს.

22 თებერვლის მონაცემებით, ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის ოქროს ფიუჩერსების ფასი უნციაზე  $1,65 დოლარით, ანუ 0,09%-ით 1844,15 დოლარამდე გაიზარდა. ვერცხლის მარტის ფიუჩერსები 0,3%-ით დაეცა და უნციაზე 21,825 აშშ დოლარი შეადგინა. დღეს ოქროს ფასი კიდევ 1%-ით დაეცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები