თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან და მერის მოადგილეებთან, მარიან ჰოშეკთან და მარიანა ჩაპკოვასთან,შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, საკრებულოს წევრები და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ასეთ მნიშვნელოვან დროს ჩვენი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩეხეთის დელეგაციას თვითმმართველობის მიერ ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ქალაქისთვის მთავარი პრიორიტეტები ეკოლოგია, სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკაა. მისივე თქმით, პრიორიტეტებად რჩება ჯანდაცვისა და განათლების სფეროები.
„ურთიერთგამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი მყარი საფუძველი იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება.
თავის მხრივ, პრაღის მეექვსე ოლქის მერმა იაკუბ სტარეკმა გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოცდილების გაზიარება ორმხრივად სასარგებლო იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ პრაღისა და თბილისის ურთიერთობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება.
„გავეცანი ქალაქში თქვენ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს და მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც ვნახე, ძალიან შთამბეჭდავია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სატრანსპორტო სისტემა, რომელსაც თქვენ ნერგავთ და რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის“, - განაცხადა პრაღის მეექვსე ოლქის მერმა იაკუბ სტარეკმა.
შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარეებმა უცხოელ სტუმრებს თავიანთი კომისიების სპეციფიკასა და საქმიანობის დეტალებზე მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, ჩეხეთის დელეგაციას თბილისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ დაიწყება მუშაობა პრაღაში თბილისთან დაკავშირებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხზე.
პრაღის მეექვსე ოლქის მერისა და მისი მოადგილეების ვიზიტი თბილისში 18 მარტს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
უახლესი